ლუქსემბურგის აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში უცნობი დრონები დაფიქსირდა. ხელისუფლებამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.
ეროვნული ავიაკომპანია „ლუქსეირის“ ინფორმაციით, აეროპორტის მუშაობის შეჩერების გამო, პრობლემა 1 800-ზე მეტ მგზავრს შეექმნა. ავიარეისები ბრიუსელის, პარიზისა და ფრანკფურტის აეროპორტებში გადამისამართდა.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ შეფერხებები შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს.
აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ფრენების დროებით შეჩერება პრევენციული უსაფრთხოების ზომა იყო, რომლის მიზანიც მგზავრების, აეროპორტის თანამშრომლებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ქვეყანა ნატო-ს მოკავშირეებთან თანამშრომლობს.
„ჩვენ ვითარებას ვაანალიზებთ. ეს ლუქსემბურგისთვის ახალი შემთხვევაა, თუმცა ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ეს ახალი არ არის. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა ფრიდენმა.
