ვეტერანის დღეს გილოცავთ სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, რომლებიც საქართველოში თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის, ვეტერანების გმირობის მაგალითებით მკვიდრდება ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტული სულისკვეთება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ვეტერანების განსაკუთრებულ ღვაწლს სამშობლოს წინაშე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მათზე ზრუნვას მომავალშიც განაგრძობს.
„დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გაიღეს. გასული წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა იმ ადამიანების დასაფასებლად, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. არსებითი ცვლილებები განხორციელდა ფინანსური უზრუნველყოფის მიმართულებით. ბრძოლის ველზე დაღუპულთა ოჯახების ყოველთვიური კომპენსაცია უწყვეტად იზრდება. 500 ლარიდან დაწყებული მხარდაჭერა 2026 წლიდან 1280 ლარს უტოლდება. საპენსიო ასაკთან მიბმული შეზღუდვის გაუქმებით, ფინანსური თანადგომა დამატებით 30 000-მა ვეტერანმა მიიღო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა სოციალური პაკეტი დაახლოებით 150 პროცენტით გაიზარდა, საყოფაცხოვრებო სუბსიდიამ კი 22-დან 100 ლარამდე მოიმატა; მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ყოველთვიურ და სადღესასწაულო ფულად დახმარებას იღებენ. ომის შემდეგ გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახებს 800-ლარიანი დახმარება დაუწესდათ; სოციალურ თანადგომასთან ერთად, უმთავრესი პრიორიტეტია ჯანმრთელობის დაცვაც. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება 15 000-ლარიანი ზღვრის ფარგლებში სრულად ფინანსდება. 2016 წლიდან სახელმწიფო აფინანსებს ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს. შენობა გარემონტდა, აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მშვიდობის დაცვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია და ვეტერანებს სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. მშვიდობიანი განვითარება კი სწორედ ძლიერ ჯარსა და თავდაცვისუნარიანობაზე დგას. ვეტერანებმა ყველაზე კარგად იცით ომისა და მშვიდობის ფასი და მნიშვნელობა. მეომართა ცოდნის გამოყენება, თქვენი ფასდაუდებელი გამოცდილების მომავალი თაობებისთვის გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტოტალური თავდაცვის პრინციპის მხარდასაჭერად შექმნილი მოხალისეთა ორგანიზაციის ბაზაზე, 4 000-ზე მეტი პირი გადამზადდა. სკოლებში კი ინერგება საპილოტე საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“, რისთვისაც 18-მა ვეტერანმა სპეციალური მომზადება გაიარა. განათლების პროგრამით მთავრობამ ვეტერანებისა და მათი შვილების სწავლის საფასურის 50 პროცენტი დაფარა, რაზეც ჯამურად 8.6 მილიონი ლარი გამოიყო. დაღუპულთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა შვილები სასწავლო გრანტს იღებენ. ასევე, გამოვასწორეთ საკანონმდებლო ხარვეზებიც. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლები წელიწადში 3 000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახადისგან გათავისუფლდნენ. დევნილ ვეტერანებს საცხოვრებლის მიღებისას დამატებითი ქულები ენიჭებათ. ამოქმედდა უფასო იურიდიული მომსახურება, უსინათლო ვეტერანებისთვის წლიური მატერიალური დახმარება და სახელმწიფო სერვისების შეღავათები. ტრანსპორტის შეღავათები უკვე მოქმედებს თბილისსა და დიდ მუნიციპალიტეტებში, ასევე საქართველოს რკინიგზაზე. გრძელდება მუშაობა, რათა მსგავსი მიდგომა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მომავალშიც განაგრძობს ვეტერანებზე ზრუნვას. ისტორიული მეხსიერების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ. ვეტერანებს პატრიარქის მისალოცი გზავნილი გააცნო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ვეტერანები დაესწრნენ.





















