გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“საქართველოს ნაკრების თამაშზე მოგახსენებთ ჩემს აზრს.
თამაში მთლიანობაში მომეწონა, იმის მიუხედავად, რომ ესპანელები არ იყვნენ ის ესპანელები. მგონი ხუმრობას აპირებდნენ და არ გამოუვიდათ.
სამართლიანობისათვის აღვნიშნავ, რომ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ გაუმჯობესდა ნაკრების თამაში არა შედეგის, არამედ სანახაობრივი თვალსაზრისით. ქეცბაია, როგორც ჩანს, რთული პიროვნება იყო, თუმცა, რასაც ის ინტერვიუებში ამბობდა, სრულად ვეთანხმები. კერძოდ, დღევანდელი ფეხბურთი ესაა ფიზიკური მომზადება პლუს დანარჩენი (ცოტა ჩემებურად გამომივიდა). დანარჩენში იგულისხმება ტექნიკა, ტაქტიკა, სათამაშო დისციპლინა, გუნდური თამაში და ა.შ. არაა ფიზიკური მომზადება, სირბილი, სისწრაფე, გამძლეობა, არაა შედეგიც.
უფრო უკეთეს თამაშს აჩვენებდა უკვე ცხადაძის გუნდი.
ახალი მწვრთნელის პირობებში წინა ორი შეხვედრა არ მინახავს. ამიტომ შევაფასებ ესპანეთთან თამაშს.
რა მომეწონა.
ბრწყინვალედ ითამაშეს ზონა. არც კი მჯეროდა, რომ ეს საქართველოს ნაკრები იყო. სწორი სქემა, ფაქტიურად გაუვალი დაცვის ზოლი და მაღალი სათამაშო დისციპლინა. მწვრთნელის დავალება ამ მხრივ შეასრულეს ფრიადზე.
იყო რა თქმა უნდა შეცდომები და ბოლო ეტაპზე ესპანელებს უკეთ რომ ემოქმედათ, სხვა შედეგი დადგებოდა. როგორც კახელები იტყვიან, ესპანელებს ყისმათი (ვისაც ეს სიტყვა არ გაგიგიათ, მკითხეთ) არ ეყოთ.
ინიესტაც გვიან გააქტიურდა (გვიან გამოვიდა) და დრო არ ეყო, თორემ დიდი ხნის განმავლობაში, სავარაუდოდ ჩვენი დაცვა ვეღარ გაუძლებდა.
მომეწონა ასევე ფიზიკური მომზადება. შეიძლება ითქვას, რომ საშუალო ტემპის თამაშს გუნდმა ბოლომდე გაუძლო. არ ვიცი ვინ რამდენი ირბინა, ეს ჩვენი კომენტატორების ბრალია, სტატისტიკას არ გვაწვდიდნენ (საერთოდ, კომენტატორების კლასი ჩვენთან, ფეხბურთის კლასზე დაბალია, მათაც მომზადება ესაჭიროება), თუმცა, ესპანელების დაღლილობით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენებსაც საკმაო დატვირთვა უნდა მიეღოთ, რასაც გაუძლეს.
რა არ მომეწონა.
ერთი-ორი ფეხბურთელის გარდა, ბურთის დაკავება არ შეუძლია არავის. არასაკმარისი ინდივიდუალური ტექნიკა. დღევანდელ ფეხბურთში თუ არ შეგიძლია 1-2 ფეხბურთელის მოტყუება, წარმატების მიღწევა რთულია. ამიტომაა, რომ ბურთი მეორე ნახევარზე ვერ გადაგვაქვს.
ინდივიდუალური ტექნიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სწრაფი და ზუსტი პასის გაკეთების უნარი. ამისათვის საათობით უნდა ითამაშონ ე.წ. კვადრატი (არა ოთხი ერთზე, არამედ ოთხი ორზე ან სხვა კონფიგურაცია) და სხვა სავარჯიშოები.
დღეს სწრაფი თამაშია, წამი გაფიქრების დრო არაა. ან უნდა მოატყუო, ან გააკეთო სწრაფი და ზუსტი პასი.
ამ ორ კომპონენტში სერიოზული პრობლემებია, რის გამოც ბურთს ვერ ვიკავებთ და მომენტებს ვერ ვქმნით.
ერთი თამაშით რაც შევაფასე, სათადარიგო მეკარე სუსტია, უჭირს ბურთის მიღება პრიმიტიულ სიტუაციაშიც კი, დაბალია დღევანდელი ფეხბურთისათვის. ამ სიმაღლით ოთარ გაბელიას რეაქცია და ნახტომი უნდა ჰქონდეს.
რა ეშველება ჩვენს ფეხბურთს?
ჩვენ არა მარტო რაგბის თამაში შეგვიძლია, შესაძლებელია გავხდეთ საფეხბურთო ქვეყანა. ამისათვის სტადიონების და სავარჯიშო ცენტრების მშენებლობის გარდა, აუცილებელია დავიწყოთ მწვრთნელთა მომზადება. რომ განახათ რა დონის მწვრთნელებია რაიონებში, რა შედეგს უნდა ველოდოთ მათგან?
სპორტსკოლაში ახალგაზრდა ასრულებს ფორმირებას, როგორც ფიზიკურად, ასევე სხვა მახასიათებლების თვალსაზრისით. ის მოთხოვნები, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, სწორედ სპორტსკოლაში უნდა მიიღოს ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
მოკლედ, მაინც სასაიმოვნო იყო ესპანეთის ნაკრების გამარჯვება. რასაც აქ ვწერ, ჩემზე უკეთ ესმის ნაკრების გამოცდილ მწვრთნელს. ფეხბურთელებს მთვარიდან ვერ გამოიწერს. იმედია, იმ რესურსებით, რაც საქართველოს გააჩნია, მაქსიმალურ შედეგს გვაჩვენებს. რაც მთავარია, არ უნდა შეგვრცხვეს, რომ საქართველოს ნაკრები ასპარეზობს.
გამარჯვებებს ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს!”