უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილსმოქალაქეობას არ ჩამოართმევდა, ეს იქნებოდა დანაშაული. პოროშენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო დაბრუნების საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურის კომპეტენციაში შედის.
„მიხეილ სააკაშვილს ისევე მოექცევიან, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, ვინც მცდარი მონაცემები წარადგინა მოქალაქეობის მიღების დროს”,- განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როდესაც მიგრაციულმა სამსახურმა მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე მომუშავე კომისიას წარუდგინა დამამტკიცებელი საბუთები, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მინიჭების დროს არაზუსტი ან ფალსიფიცირებული მონაცემები წარადგინა, ის ვალდებული იყო, ემოქმედა კანონის და კონსტიტუციის გათვალისწინებით.
„ყველა სხვა ქმედება იქნებოდა დანაშაული” , – განაცხადა პოროშენკომ.