ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის საქმეზე მერიის რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზურაბ წიკლაური დაიკითხება. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ შესავალ სიტყვაში განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
ცნობილია ისიც, რომ ადვოკატების მოთხოვნით პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომა 27 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ სასამართლო ექსპერტიზა დანიშნა. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ადვოკატი ირმა ჭკადუა სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს, 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საბრალდებო დასკვის მიხედვით, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი – 3 000 აშშ დოლარი – მოითხოვა.