როგორ ფინანსდებიან წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტები? ვის რა შემოსავალი აქვს და რამდენად მიზნობრივად ხარჯავენ ამ შემოსავალს? როგორი ხელფასები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს? რამდენს იხდიან ტელეფონის გადასახადებში, საწვავში, ან მივლინებებში? – ამის შესახებ სტატიას „პრაიმტაიმი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციების საფუძველზე აქვეყნებს.
ინფორმაცია 2016 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. როგორც სტატიაში წერია, ყველაზე მაღალი შემოსავლებით „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა, თუმცა შემდგომ პოზიციას ნინო ბურჯანაძის პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ იკავებს.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალების“ სახელმწიფოდან შემოსავალი (საარჩევნო კამპანიის ფონდის ჩათვლით) სამ თვეში 757 544 ლარია. ამას ემატება შემოწირულობები 24 898 ლარის ოდენობით და სხვა შემოსავლები – 289, 35. სხვათა შორის, შემომწირველები თავად პარტიის წევრები და ლიდერები არიან. მაგალითად, ამ სამ თვეში უკვე არაერთხელ შეიტანეს შემოწირულობა გიორგი ბარამიძემ, ხათუნა გოგორიშვილმა, დავით ბაქრაძემ და მიხეილ მაჭავარიანმა.
ბურჯანაძის პარტიას საარჩევნო კამპანიის ფონდში თანხები ჯერ არ უფიქსირდება, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისმა დაფინანსებამ სამ თვეში 367621 ლარი შეადგინა. ჯერჯერობით არ ჰყავთ შემომწირველები და არც საწევრო შეუტანია ვინმეს. ყველაზე ხელგაშლილი შემომწირველები „პატრიოტთა ალიანსს“ ჰყავს და მათ მიერ შეგროვებულმა თანხამ 143 527 ლარი შეადგინა. თუ ამას სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხასაც დავუმატებთ, 159 234 ლარის ოდენობით, გამოდის, რომ წინსაარჩევნო კამპანიის ფონდმა უკვე 302 761 ლარი შეადგინა. „ქართული ოცნების“ სამი თვის ბიუჯეტი კი სულ (საარჩევნო კამპანიის ფონდის ჩათვლით) 239 535 ლარს შეადგენს. აქედან შემოწირულობა მხოლოდ 2000 ლარია, საწევროს კი სამი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი პირი იხდიდა თვეში 20 ლარის ოდენობით.
„თავისუფალ დემოკრატებს“ სამი თვის განმავლობაში ორჯერ შესწირეს 2000-2000 ლარი და ისიც ამავე პარტიის ლიდერებმა: ერთი – ზურაბ აბაშიძემ, მეორე კი – ირაკლი ჩიქოვანმა. პარტიის სახელმწიფოსგან დაფინანსებამ კი 180 338 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება „ლეიბორისტებს“, მათ სხვა შემოსავალი არ უფიქსირდებათ, გარდა სახელმწიფო ბიუჯეტისა – 152 505 ლარის ოდენობით. რა თქმა უნდა, არის ისეთი პარტიებიც, რომელთა შემოსავალიც ნულის ტოლია, მაგრამ ხარჯები მაინც უფიქსირდებათ. ასეთები არიან, მაგალითად, „ახალი მემარჯვენეები“, ან კიდევ პაატა დავითაიას „საქართველოს ევროპული დემოკრატები“. დეკლარაციაში ხელფასების გრაფა ცარიელი აქვთ პაატა დავითაიას და „ახალ მემარჯვენეებსაც“. თუმცა, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება სხვა პარტიების თანამშრომელთა და წევრთა ყოველთვიური ანაზღაურება.
მაგალითად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სამ თვეში ხელფასებზე, ჯამში 339 794 ლარი დაუხარჯავს. პარტიაში სულ 322 ადამიანმა აიღო ჯამაგირი. აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელს, კობა ხაბაზს 2000 ლარი ეძლევა, ნიკანორ მელიას – 2500 ლარი. გიგა ბოკერიას ხელფასი 3750 ლარი ყოფილა. ამდენივეს იღებს ზურაბ ჭიაბერაშვილიც. როგორც გაირკვა, პარტია ხელფასს უხდის პატიმრობაში მყოფ ლიდერებსაც – მაგალითად, ვანო მერაბიშვილის ჯამაგირი გიგა ბოკერიაზე 125 ლარით მეტია, ანუ 3 875 ლარს შეადგენს, გიგი უგულავას კი ყოველთვიურად 3750 ლარი ერიცხება, გიგა ბოკერიას და ზურაბ ჭიაბრიშვილს მსგავსად.
ძალიან საინტერესოა წამყვან სპეციალისტთა სიაც. თუ მათ გვარებს გადავხედავთ, არსებობს მაღალი ალბათობა ეჭვის, რომ პარტია სწორედ ამ შტაბზე ინახავს იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა დამსახურებით კავშირში არიან მასთან. მაგალითად, რკინიგზის პრესსამსახურის ყოფილ უფროსს, ირმა სტეფანაძეს მოწვეული სპეციალისტის რანგში 2500 ლარი ერიცხება, ამდენივე აქვს ჯამაგირი ყოფილ გამგებელს, ხათუნა ოჩიაურსაც.
სტატიის თანახმად, ბურჯანაძემ პარტიის შრომის ანაზღაურებაზე სამ თვეში 235 875 ლარი დახარჯა. ცხადია, იქ მისი ხელფასი ყველაზე მაღალია – 6250 ლარი. მის შემდეგ ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს დიმიტრი ლორთქიფანიძეს – 2750 ლარის ოდენობით.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილ წევრს ფილ გიორგი ახვლედიანს კი – 2500 ლარი. ანაზღაურების გაცემის სიდიდეში დარჩენილ სხვა პარტიებს თურმე შალვა ნათელაშვილი სჯობნის. მან სამ თვეში 35 კაცზე 89 537 ლარი გასცა. თვითონ ნათელაშვილის ანაზღაურება 5812 ლარს შეადგენს. მის შვილს, ბექას 1688 ლარი ერიცხება. ლეიბორისტების კიდევ ერთი სახე, გიორგი გუგავა კი პარტიიდან ყოველთვიურად 5625 ლარს იღებს.. „პატრიოტთა ალიანსს“ სახელფასო ბიუჯეტი პირველ კვარტალში 34 650 ლარს შეადგენდა, რომელიც 18 ადამიანზე გადანაწილდა. ყველაზე მაღალი ხელფასი პარტიის გენერალურ მდივანს, ირმა ინაშვილს უფიქსირდება 2500 ლარის ოდენობით.
მერაბიშვილს ყოველთვიურად 3 875, უგულავას კი 3750 ლარი ერიცხება
2016/06/13 21:08:49
კომენტარები
ნანახია: 4077 ჯერ