გენერალური პროკურატურის ყოფილი პროკურორი და ამჟამად ადვოკატი ზაქარია თვალიაშვილი 2007 წლის 23 ნოემბერს კასპის რაიონის სოფელ სამთავისში მომხდარი მკვლელობის დეტალებს იხსენებს.
„გარდაცვლილების: ციალა და მალხაზ კეკელაშვილების მეზობელი, მკვლელი თამაზ თუგოშვილი დასაჯეს მხოლოდ მალხაზ კეკელაშვილის მკვლელობისთვის, ხოლო დედის, ციალა კეკელაშვილის საქმე ცალკე გამოყვეს და დღესაც გამოუძიებელია. გამოძიებამ გაიზიარა მკვლელის ცრუ ჩვენება, რომელმაც ისიც კი იკადრა, რომ მოკლული ბიჭისთვის ყველაზე ბინძური ქმედება დაებრალებინა, თითქოს ის დედას აუპატიურებდა და მერე მოკლა დედა. თითქოს, შვილმა მალხაზ კეკელაშვილმა მიაყენა დედას მრავლობითი ჭრილობები და გასაშველებლად შესული თუგოშვილი ამ სურათმა შეძრა, გამოეკიდა მალხაზ კეკელაშვილს და მრავლობითი ჭრილობებით სიცოცხლეს გამოასალმა“, – განაცხადა ზაქარია თვალიაშვილმა.
თვალიშვილის თქმით, აღნიშნული ვერსია თამაზ თუგოშვილის მოგონილი არ არის. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერსია იმის მოგონილია, ვინც ამ საქმით იყო დაინტერესებული. თვალიაშვილის გამოძიებამ, დამალა ის პირები, ვინც თუგოშვილთან ერთად მკვლელობის თანამონაწილეები იყვნენ.
„მე მაქვს გარდაცვლილი დედა-შვილის მეზობლების რუიზან ბერიანიძისა და ნაზი ქაშიაშვილის ახსნა-განმარტებები. აი რას წერს რუიზან ბერიანიძე: „მკვლელობის ღამეს შემომესმა განწირული კივილი, მიშველეთ ხალხნო, მკლავენო. ისიც კარგად დავინახე, რომ მოკლულების აივანზე რამდენიმე ადამიანი მოძრაობდა, მე მალევე გადავედი, გასვლის წინ გამოიარა თამაზ თუგოშვილმა, რომელმაც დამიძახა: „ციალა და მისი შვილი დახოცესო“. მეორე მეზობელი ნაზი ქაშიაშვილიც იგივეს იმეორებს ჩვენების მიცემისას, ანუ თამაზ თუგოშვილი მარტო რომ არ იყო, ეს მათი ჩვენებითაც დასტურდება, ასევე დასტურდება ის, რომ მკვლელობის ადგილზე იყო ორი დანა, რომლითაც მიყენებული იყო სასიკვდილო ჭრილობები, ამ დროს ამ საქმის ყველა მოწმე და გარდაცვლილი დედა-შვილის ახლობლები ადასტურებენ, რომ ეს დანები ციალას არ ეკუთვნოდა“,– აცხადებს გაზეთ „ალიასთან“ საუბარში ზაქარია თვალიაშვილი.
მისივე თქმით, დედა-შვილის სახლი ისე იყო არეული და სისხლით მოსვრილი, ამას მხოლოდ მალხაზ კეკელაშვილი, რომელიც ფიზიკურად სუსტი და ავადმყოფი იყო, ვერ შეძლებდა:
„ის ბინძური ვერსია, რომ თითქოს ავადმყოფი შვილი დედას აუპატიურებდა და მერე მოკლა, არის მტკნარი სიცრუე. ამას ავადმყოფი ბიჭი კი არა თავად თუგოშვილი ვერ შეძლებდა მარტო, რადგან ციალა ფიზიკურად ძლიერი ქალი იყო. აღსანიშნავია, რომ საქმე სხვადასხვა ფაქტზე აღიძრა: როდესაც გამომძიებელს შევეკითხე, რატომ გააკეთეთ ასე-მეთქი, მიპასუხა, ციალა კეკელაშვილის გვამი ღამით ვიპოვეთ სახლთან ჩაჩოქილი, ხოლო მალხაზის გვამი 10 მეტრის დაშორებით ბაღში გამთენიისასო. ეს ხომ აბსურდია, სხვადასხვა ქალაქებში მომხდარ მკვლელობებს აერთიანებენ ერთ საქმედ და ერთ ოთახში, ერთსა და იმავე დროს მომხდარი მკვლელობა შეიძლებოდა ცალ-ცალკე აღძრულიყო?! ეს იმიტომ გააკეთეს რომ გამოძიება თავიდანვე იყო დაინტერესებული ამ საქმის „გაფუჭებით“.