საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება, სადაც დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე. ასოცირების კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე იქნება ევროკავშირის მხარე, კერძოდ, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი.
კომიტეტის სხდომაზე განიხილებავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით“ გათვალისწინებულ ყველა ძირითად პრიორიტეტს, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, საქართველო-ევროკავშირს შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება და კულტურა, ახალგაზრდობის საკითხები და ა.შ.