კატალონიის მთავრობის ექს მეთაური კარლეს პუჩდემონი და 4 ყოფილი მინისტრი ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Vrt-ი წერს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ესპანეთმა პუჩდემონისა და მისი მთავრობის 4 მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი ბელგიას გუშინ გადაუგზავნა.
1 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუჩდემონი კატალონიაში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ბარსელონაში არა პუჩდემონი, არამედ მისი მთავრობის შს მინისტრი დაბრუნდა.
27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აემოქმედებინა, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს. შესაბამისად, რეგიონის ავტონომიის გაუქმებას.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.