თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რადიო კომერსანტში სტუმრობისას განაცხადა, რომ თბილისის მერია სექტემბრიდან ტროტუარებზე პარკირების აკრძალვას გეგმავს.
ნარმანიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტს 20-25 მილიონი ლარი დაუჯდება, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მერიამ სითი პარკს უკვე ჩამოართვა ტროტუარებზე პარკირებისთვის განკუთვნილი 2,000 ადგილიდან 500, ხოლო ამ ზაფხულს დარჩენილი 1,500 ადგილის ჩამორთმევასაც გეგმავს.
“როცა ერთ კარგ საქმეს აკეთებ, იმას საპირისპირო უკმაყოფილება მოჰყვება, მაგრამ მინდა მოვუწოდო მძღოლებს, გაგებით მოეკიდონ ამას, რადგან ტროტუარზე მდგარი ავტომანქანა არის საფრთხე – როცა ავტომანქანები ტროტუარზე გადაადგილდებიან და იქვე მოძრაობენ ფეხით მოსიარულეები, რა თქმა უნდა, ესაა მომეტებული რისკის ზონა” – თქვა ნარმანიამ.
კითხვაზე, თუ სად შეძლებენ სექტემბრიდან მძღოლები მანქანის გაჩერებას, მერიაში განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით, ნარმანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ:
“რადიო კომერსანტში იყო მერი მისული და ეგ ინფორმაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ, ამ თემაზე მერია დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს”.
სითი პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ლევან ტაბიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ ერთპიროვნულად მიიღო, და მას კომპანია ემორჩილება.
ტაბიძის თქმით, სითი პარკი მხოლოდ მერიისგან მიღებული დავალების საფუძველზე შეძლებს ახალი საპარკინგო ადგილების მონიშვნას:
“კომპანია სითი პარკი არ იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად გააჩერებენ მანქანებს მოქალაქეები. ამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს მერია და ეს მათი პრეროგატივაა. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური განსაზღვრავს, თუ სად უნდა იყოს პარკირება და სად უნდა იყოს აკრძალული, ამის შემდეგ ის გადმოგვცემს ჩვენ კონკრეტულ მისამართებს და ამის შემდეგ ხდება ინფრასტრუქტურის მოწყობა სითი პარკის მიერ. ამაში იგულისხმება საპარკინგე ნიშნების დამონტაჟება და გზის თეთრად მონიშვნა, იმისთვის რომ მძღოლებმა იცოდნენ, როგორ და სად გააჩერონ ავტომობილი, შესაბამისად თუ მერია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოქალაქეებმა არ უნდა გააჩერონ მანქანები ტროტუარზე, ამას სითი პარკი დაემორჩილება”.