რუსეთის ხელისუფლებამ ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე რუმინეთის გენერალური საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მანამდე რუსეთის საგარეო უწყებაში რუმინეთის ელჩი კრისტიან ისტრატე დაიბარეს და აცნობეს, რომ გენერალურ კონსულს სანკტ-პეტერბურგში პერსონა ნონ გრატად აცხადებენ.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ეს არის პასუხი ოფიციალური ბუქარესტის გადაწყვეტილებაზე 29 მაისს ქალაქ კონსტანცაში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვისა და გენერალური კონსულის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გამო.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა კონსტანცაში რუსეთის საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
