საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერ კახა კალაძეს სთხოვა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, ლაღიძის წყლები და სახაჭაპურე რუსთაველის გამზირს ისევ დაუბრუნდეს.
პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე „გალერია თბილისის“ გახსნაზე ისაუბრა და კახა კალაძეს მიმართა.
„ვისურვებდი, რომ „ლაღიძის წყლები“ და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი და რა თქმა უნდა არა ამ მასშტაბით, მაგრამ ისიც შეიძლება გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის. იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ახსოვს ეს ადგილი და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ლაღიძის წყლებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვას გამოეხმაურა თბილისის მერი კახი კალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს „ლაღიძის წყლებისა“ და ცნობილი სახაჭაპურის გასაახლებლად.
„მე ასევე ვიღებ ბატონი პრემიერის თხოვნას ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით. მართლაც, ჩვენ უნდა შევძლოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ღირსშესანიშნაობა დავუბრუნოთ ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს თბილისს და ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.