„დადასტურებული ფაქტია, რომ ბრალდებულმა ბავშვი არავისთან არ დატოვა. ბავშვი ცალსახად გაგუდულია“, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ ბრალდების მხარის წარმომადგენელი ესაუბრა.
როგორც გამოცემის დღევანდელ ნომერში წერია, ჩანაწერის გარდა, არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ მაგდა პაპიძეს საკუთარი შვილის მკვლელობაც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
„ეს ცნობილი გახდება სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე. ამასთანავე, მოწმეთა ჩვენებებში ჟღერდება ისეთი დეტალები, რომლებიც ამას ადასტურებს. ამ მოწმეებს ჩვენ მოვუსმენთ მომავალ სასამართლო სხდომებზე“, – განუმარტა ბრალდების მხარის წარმომადგენელმა „პრაიმტაიმს“.
ამავე სტატიის თანახმად, გამოძიების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს მაგდა პაპიძის მიერ რვეულში გაკეთებული ჩანაწერი, რომელშიც ნახსენები ფრაზა – „ტანსაცმელი გავუმზადო ორივეს“, – პროკურატურას არწმუნებს, რომ პაპიძეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი როგორც ქმრის, ისე შვილის მკვლელობა.
საინტერესოა ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც ცალსახად წერია, რომ 5 წლის თორნიკეს გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია ცხვირ-პირის სარქველების გადაკეტვით. იქვე საუბარია, ტუჩ-ლოყისა და მკერდის მიდამოში არსებულ წვეთოვან დაზიანებებზე, რომელიც, პროკურორის განმარტებით, სავარაუდოდ, ფრჩხილით უნდა იყოს მიყენებული.
„თორნიკე ქაფიაშვილის გვამს აღენიშნებოდა წერტილოვანი სისხლჩაქცევები ორივე თვალბუდის არეში, ასევე ცხვირ-ტუჩის გარშემო და ზედა ქვედა ტუჩის ლორწოვანებზე. სისხლნაჟღენთები და ასევე ხაზოვანი ნაჭდევი მარცხენა ყურის უკან. ხაზოვანი ნაჭდევი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მსხვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები განვითარებულია სიცოცხლის პერიოდში, სიკვდილის დადგომამდე დროის უმოკლეს პერიოდში. გვამს, ასევე, აღენიშნება ხაზოვანი ნაჭდევი მარჯვენა წინა მხარის არეში“, – წერია ექსპერტიზის დასკვნაში.
5 წლის თორნიკე ქაფიაშვილის ექსპერტიზის დასკვნა – “ბავშვი ცალსახად გაგუდულია”
2016/06/20 12:58:34
კომენტარები
ნანახია: 5977 ჯერ