„კაცმა შვილიშვილს თვალწინ მოუკლა მამა. დედამისიც ძალიან ცუდ დღეშია, ქმრის მშობლებთან ერთად ცხოვრობს და წარმოიდგინეთ, მისი მდგომარეობა, რომ ეუბნებიან, მამაშენმა შვილი მოგვიკლაო. შვილიშვილმა კი საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოუკლა ბაბუამ მამა“ – ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდა, სიძის განზრახ მკვლელობისთვის. მკვლელობა ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. რა გახდა სიძე-სიმამრის დაპირისპირების მიზეზი და როგორ ვითარებაში მოხდა მკვლელობა, ამის გასარკვევად, ბრალმდებლის თანასოფლელებს ვესაუბრეთ.
მეზობელი: ცოლ-ქმარი მარტო ცხოვრობდა სოფელში. ცოლი ცუდად გამხდარა და ქალიშვილისთვის დაურეკავთ, იქნებ წამლები ამოგვიტანოთო. შვილს მეუღლე გაუგზავნია მშობლებთან დედის წამოსაყვანად და თან, წამლები გაუტანებია. თუ არ წამოგყვეს, მაშინ წამლები დაუტოვეო. სიძე, შვილთან ერთად, ტაქსით წასულა მეუღლის მშობლებთან. რომ მისულან, სიმამრი სამზარეულოში იწვა და ეტყობოდა, რომ გაღიზიანებული იყო. ცოლი იმ დროს მაზლთან ყოფილა გადასული. სიძე და შვილიშვილიც გადასულან იმ ოჯახში ბებიის წამოსაყვანად და ცოტა ხნით, სანამ ბებია მოემზადებოდა, იქ დარჩენილან, რამდენიმე ჭიქა დაულევიათ. ამ დროს ქალს ტანსაცმელი ჩაულაგებია და გამზადებულა წასასვლელად. მის ქმარს რომ გაუგია, სიძე და შვილიშვილი ტაქსით მოვიდნენ და მისი ცოლი უნდა წაეყვანათ, ისედაც გაღიზიანებული, კიდევ უფრო გაბრაზებულა. უთქვამს, არსად გაგატანთ ჩემს ცოლსო და ტაქსის მძღოლთან მივარდნილა. როგორც მძღოლი ამბობს, დამემუქრა, თუ ახლავე არ წახვალ აქედან, მანქანას დაგიმტვრევ, ჩემს მეუღლეს არსად ვუშვებო. მეც აღარ გავაღიზიანე და ცოტა მოშორებით დავდექი, რომ თვალში არ მოვხვედროდიო, – ამბობს ტაქსის მძღოლი. სიძეს გაუგონია, რომ სიმამრი მძღოლს ემუქრებოდა. თან, ეს ტაქსისტი მისი ახლობელი იყო და არ ესიამოვნა ასეთი საქციელი სიმამრისგან. ხელი მოუკიდია სიმამრისთვის და სახლში ძალით შეუყვანია. ასეთ საქციელზე ეს კაცი კიდევ უფრო გაბრაზებულა და როგორც ჩანს, იკამათეს. ამბობენ, ეზოში გინების ხმა ისმოდაო. მერე სიძე გარეთ გამოსულა და მეზობელს ესაუბრებოდა. სიმამრი კი სახლში ისევ აგრძელებდა ყვირილს და ლანძღვას. სიძეს დაუძახია გარედან: ნუ ბუზღუნებ, თორემ შემოვალ მანდო. იმან კი უპასუხა, შემოხვალ და გესვრიო. ამ დიალოგს შვილიშვილიც ადასტურებს და მეზობელიც. სიძე სახლისკენ წასულა და მეზობელს უთქვამს, არ შეხვიდე, მართლა არ გესროლოსო.
– სიდედრი სად იყო ამ დროს?
– ეზოში სახლთან, ცალკე სამზარეულოც დგას. ის იქ იყო და ნივთებს ალაგებდა. მეზობელს რომ უთქვამს, არ შეხვიდე, მართლა არ გესროლოსო, სიძეს უპასუხია: არა, რა უნდა მესროლოსო და მაინც შესულა. ესენიც რომ შეყოლიან, სიმამრს უკვე იარაღი ეჭირა ხელში და სიძეს უმიზნებდა. ვუთხარი, რას აკეთებ, ბიჭო, არ ისროლო-მეთქი. ზუსტად იმ მომენტში ისროლა და ერთი ტყვიით მოკლა კაციო. ყვება მეზობელი, რომელიც იქ იყო.
– ერთი ჭრილობა ჰქონდა?
– კი, თავში აქვს მოხვედრილი. სახეში ქვემოდან არის ტყვია შესული და ნახევარი სახე განადგურებული ჰქონდა. მეზობელმა კი თქვა, პირდაპირ ესროლაო, მაგრამ თვითონ ბრალდებული ამბობს: იარაღი რომ დავუმიზნე, მოვიდა, ჯიკავი დამიწყო და ტყვია მოულოდნელად გავარდა. სიძის მოკვლა განზრახული არ მქონია, შესაშინებლად დავუმიზნე და შემთხვევით გავარდა. ჯიკავის დროს ვერ გავიგე, ტყვია როგორ გავარდაო.
– არ აღიარა მკვლელობა?
– განზრახ მკვლელობის მუხლით ასამართლებენ, მაგრამ თვითონ ამბობს, ეს მკვლელობა გაუფრთხილებლობით მოხდაო.
– იარაღი საიდან ჰქონდა სახლში?
– თვითონ მონადირეა. სანადირო თოფი ჰქონდა, რომელიც ოფიციალურად აქვს გაფორმებული.
– პრობლემა რაში იყო? ეს ადამიანი, ზოგადად, აგრესიულობით გამოირჩევა? რის გამო მოხდა ეს ყველაფერი?
– როგორც ამბობენ, სიმთვრალეში ცოტა მძიმე ხასიათი ჰქონდა. სხვების მიმართ არა, მაგრამ, როცა ნასვამი იყო, ცოლის მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა. თუმცა, თვითონ ცოლმა თქვა, სიმთვრალეში რასაც დააშავებდა, მერე სიფხიზლეში ასწორებდაო. სხვას არაფერს ერჩოდა, სოფელში ყველასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. ამ სიძესთანაც კარგად იყო. მოხუცები მარტო ცხოვრობდნენ და სწორედ ეს სიძე პატრონობდა მათ. დღესასწაულები იქნებოდა თუ სხვა, ნებისმიერი დღე, როცა დასჭირდებოდათ, ყოველთვის ესენი იყვნენ მათ გვერდით. არავის უთქვამს, რომ რამე დაპირისპირება ჰქონდათ.
– მეუღლე რას ამბობს ქმარზე, რატომ იყო იმ დღეს ასე გაღიზიანებული? იმ მომენტშიც ნასვამი იყო?
– ისედაც ხშირად სვამდა და იმ დღეს, სამეურნეო საქმეები გაუკეთებიათ სოფელში ერთად რამდენიმე კაცს და მერე დაულევიათ. თუმცა, რატომ იყო ასე გაღიზიანებული, არ იციან. შვილიშვილმა თქვა, რომ მივედით, ასეთი დაგვხვდაო. სამი შვილი ჰყავს, სამივე გათხოვილია: ერთი – საჩხერეში, ერთი თბილისში და ეს იქვე, ახლოს ცხოვრობდა, ჭიათურაში. ამიტომაც ყველაზე მეტი ურთიერთობა ამათთან ჰქონდათ. ესენი პატრონობდნენ. თვითონ ბრალდებულმაც ეს თქვა: რატომ უნდა მდომოდა ჩემი სიძის მოკვლა, ჩემი პატრონი იყოო.
– თვითონ ჩაბარდა სამართალდამცველებს?
– მკვლელობა რომ მოხდა, გარეთ გამოვარდნილა და ყვიროდა, ეს რა დამემართაო. მეზობელი შეხვედრია, უთხოვია, წყალი დამალევინეო და ამ დროს პოლიცია მოსულა. გაქცევა და წინააღმდეგობის გაწევა არც უცდია. 51 წლის იყო სიძე, ორი შვილი დარჩა. ძალიან წყნარი და ალალი, კარგი კაცი გახლდათ – ისეთი, ცუდს რომ ვერავინ იტყვის.
– შვილიშვილი რას ამბობს, რომელიც მამასთან ერთად იყო?
– საერთოდ არ ლაპარაკობს ამ მკვლელობის შემდეგ. ოჯახშიც კი არაფერი უთქვამს, ისეთ მდგომარეობაში იყო. რვა წელი მიუსაჯეს ბრალდებულს და თქვა, სიძის განზრახ მკვლელის სახელით ნუ გამიშვებთ, ისედაც არ დამრჩენია დიდი ხნის სიცოცხლეო. სამოცდაათ წელსაა თვითონ გადაცილებული.
ოდნავ განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ბრალდებული მამაკაცის კიდევ ერთი მეზობელი. მისი თქმით, ბრალდებული არა სიძეს, არამედ, ტაქსის მძღოლს ემუქრებოდა იარაღით და სიძე მას გადაეფარა. ბაბუის მიერ მამის მკვლელობის ფაქტს კი შვილიშვილიც შეესწრო.
„ამ ცოლ-ქმარს გოგოები ჰყავს. ცოლი რომ მოუყვანია, ახალგაზრდობიდანვე ეჭვიანობდა მასზე და სცემდა. ეს ქალი ხშირად მიდიოდა ამის გამო ოჯახიდან, მაგრამ მერე ისევ ბრუნდებოდა. მოკლედ, ასეთ ურთიერთობაში დაბერდნენ. სიბერეშიც არ გამოუსწორებია ხასიათი კაცს. ეს ქალი უპატიოსნესია და ქმარიც ვინმე კონკრეტულზე კი არ ეჭვიანობდა, მაგრამ ზოგადად, ასეთი ხასიათი ჰქონდა. ამის გამო სულ უხეშად ექცეოდა. ბოლო პერიოდში ეს ქალი ცუდად გახდა და სიძე ასულა ტაქსით წამლების მისატანად. თუ საჭირო იქნება, წამოვიყვან და საავადმყოფოში დავაწვინოთ, ან ჩვენ მოვუაროთო. რომ მისულან, ამ კაცს ჩხუბი დაუწყია ტაქსისტისთვის, წადი, აქ რა გინდა. წადი, თორემ თოფს გამოვიტან და გესვრიო. შვილიშვილიც იქვე იდგა. არ სჯეროდათ, რომ მართლა იყო ამის გამკეთებელი, მაგრამ ამას მართლა გამოუტანია იარაღი და უსვრია ტაქსისტისთვის. სიძე გადამხტარა და გადაფარებია. როგორია, წარმოიდგინეთ, ის ტაქსისტი თვითონ ჰყავდა წაყვანილი. საშინელება იყო, აბა, რა იქნებოდა, კაცმა შვილიშვილს თვალწინ მოუკლა მამა. დედამისიც ძალიან ცუდ დღეშია. ქმრის მშობლებთან ერთად ცხოვრობს და წარმოიდგინეთ, რომ ეუბნებიან: მამაშენმა შვილი მოგვიკლაო. შვილიშვილმა კი საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოუკლა ბაბუამ მამა. თუმცა, სიძის მოკვლას არ აპირებდა, პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ვინ იფიქრებდა, ამას რომ გააკეთებდა. მეზობელი, რომელიც იმ მომენტში იქ იყო, ყვება, ყველა ადგილზე გავშეშდით. ვერ გავიაზრეთ, რა მოხდაო. ჭკვიანად იყავით, თორემ თოფს გამოვიტანო, კი თქვა და ჩვენც ვაწყნარებდით, მაგრამ წამში მოხდა ყველაფერი. გამოიტანა თუ არა იარაღი, უცებ გავარდა ტყვია. პირდაპირაც არ უმიზნებდა, ქვემოდან აქვს სახეში ნასროლი და ნახევარი თავი აქვს ახდილი. მოკლედ, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ხალხმა ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო”.
http://tbiliselebi.ge