„ვერსიის” ინფორმაციით, “თი-ბი-სი ჯგუფის” პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, ანალოგიურ ფორმატში, 2012 წელს გამართული აუდიენცია გაისხენა, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ესწრებოდა.
აღმოჩნდა, რომ 2012 წლის შეხვედრაზე ხაზარაძე მერაბიშვილს დაპირისპირებია კიდეც, რადგან, ხაზარაძის თქმით, ყოფილი პრემიერი ბიზნესმენებს ქვეშევრდომების მსგავსად ექცეოდა.
“თი-ბი-სი ჯგუფის“ პრეზიდენტს ისიც აღუნიშნავს, არ მინდა, ამ ფაქტის დეტალებსა და მერაბიშვილთან ჩემს პირველ და უკანასკნელ შეხვედრაზე ვისაუბრო, რადგან ადამიანი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებაო, მაგრამ ფორუმის მონაწილეები ამბობენ, რომ მას მერაბიშვილი “წითელ დირექტორად“ მოუხსენიებია და უთქვამს, მაშინდელი პრემიერი უკვე ქონებაწართმეულ და დატერორებულ ბიზნესმენებს ეუბნებოდა, არაფერს წარმოადგენთო.
წყაროს ინფორმაციით, ხაზარაძეს ბიზნესმენებთან ვანო მერაბიშვილის შეხვედრისთვის კატასტროფული უწოდებია და აღუნიშნავს, რომ, ახლანდელისგან განსხვავებით, როცა ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან აბსოლუტურად თავისუფალია, მაშინ ბიზნესმენებს თავდაცვის უნარიც კი არ გააჩნდათ.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას “თი-ბი-სი ჯგუფის“ პრეზიდენტს ისიც დაუმატებია – რაღაც კარგიც გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიო და იქვე მისი ორი წლის წინანდელი განცხადებაც გაუხსენებია, როცა თქვა, რომ ქართული ბიზნესი დაიბნა, რადგან ხელმძღვანელი არ ჰყავს და არავინ არაფერს ავალებსო. მამუკა ხაზარაძეს ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის სხვა დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პრემიერ კვირიკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და რომ ამჟამად, მთავრობაში ბიზნესის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს სერიოზულად განიხილავენ. მას ბიძინა ივანიშვილთან გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე კოლეგებისთვის უთქვამს, რომ დასაფასებელია, როცა დღეს აღარავინ ემუქრება ჩვენს საკუთრებას და ხელისუფლება ბიზნესმენებს ქონების ღამით გადაფორმებას არ აიძულებს.
მამუკა ხაზარაძე – ვანო მერაბიშვილი ბიზნესმენებს ქვეშევრდომების მსგავსად ექცეოდა
2016/06/22 14:20:13
კომენტარები
ნანახია: 2933 ჯერ