“ავიღე იარაღი და ვესროლე, მერე ყელი გამოვჭერი” – რა წერია სასტიკი მკვლელობის მოწმეთა ჩვენებებში? – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“19 წლის დათო ტორიაშვილის მკვლელობის თაობაზე სტატიას აქვეყნებს.
29 დეკემბერს დღისით გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა. მშობლებმა 19 წლის შვილის ძებნა მეგობრებთან დაიწყეს, მაგრამ არავინ იცოდა, სად იყო დათო ტორიაშვილი. დაკარგვიდან 9 დღეში დათოს ცხედარი მტკვრის სანაპიროზე იპოვეს და მალევე საქმე გახსნილადაც გამოცხადდა.
სანდო წყარო აცხადებს, რომ საქმის გახსნაში ძალოვანებს ახალგაზრდა ქალი დაეხმარა – მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს და დათოს ცხედარიც იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით და დანით ჰქონდა მიყენებული ჭრილობები. ბიჭს ყელიც ჰქონდა გამოჭრილი… გაირკვა, რომ დათო იქვე ახლოს მოკლეს, წითლანაძის 19 ნომერში, სადაც მკვლელობაში ბრალდებულს ბინა ჰქონდა ნაქირავები.
გამოცემის ცნობით, როგორც ირკვევა, სწორედ ამ ბინაში მივიდა ქისტაურთან სტუმრად დათო ტორიაშვილი – ისინი მეგობრობდნენ. სუფრა გაშლილი იყო, იქ იყვნენ ქისტაურის სხვა მეგობრებიც. როგორც საბრალდებო აქტშია ნათქვამი, “ბიჭებს შორის შელაპარაკება მოხდა და ქისტაურმა შურისძიების მოტივით განიზრახა ტორიაშვილის მკვლელობა, აიღო დაუდგენელ ვითარებაში შეძენილი გადაჭრილი სანადირო თოფი და მეგობრების თვალწინ ესროლა ტორიაშვილს. დაჭრილს სურდა იქაურობას გასცლოდა და კარისკენ წასვლას შეეცადა, მაგრამ თითქმის გარეთ გასულს, ქისტაურმა კიდევ ერთი ტყვია დაახალა. არც ამას დასჯერდა დამნაშავე და რამდენჯერმე დაარტყა დანა, ყელშიც სამჯერ გამოუსვა…” ბრალში კონფლიქტის მიზეზზე არაფერი წერია, მაგრამ სანდო წყაროს ინფორმაციით, ქისტაურს მეგობრებთან მკვლელობის მოტივი არ დაუმალავს და საქმეში დევს სწორედ იმ ახალგაზრდა ქალის ჩვენება, რომლის დახმარებითაც საქმე გაიხსნა… ჩვენებაში ლაპარაკია მოტივზე. მოწმე ქალი ამბობს:
“ნიკა ქისტაურმა მითხრა, დათო იმიტომ მოვკალი, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, შენ არა ხარ კაი ბიჭიო. გავბრაზდი და გავაფრთხილე, არ გაებედა და მეორედ მსგავსი სიტყვები არ ეთქვა ჩემთვის, თორემ ვესროდი, რადგან მე ქუჩური ცხოვრებით ვცხოვრობ და ეს ჩემთვის შეურაცხყოფაა. ამის მერე ისევ გამიმეორა, არ ხარ კაი ბიჭიო… ავიღე იარაღი და ვესროლე, მერე ყელი გამოვჭერი”. – აცხადებს მოწმე.
წყარო: „კვირის პალიტრა“.