ელტონ ჯონი საერთაშორისო გამოსვლებს წყვეტს. ცნობილი მუსიკოსი სხვადასხვა ქვეყანაში საკონცერტო გამოსვლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო წყვეტს.
გამოცემა „დეილი მირორის“ ინფორმაციით, 70 წლის მუსიკოსი მსოფლიოს მასშტაბით კონცერტების შეწყვეტის შესახებ განცხადებას „უახლოეს დროში“ გააკეთებს. მათივე ინფორმაციით, გასულ წელს ელტონ ჯონმა 12 დღე სტაციონარში გაატარა მას შემდეგ, რაც სამხრეთაფრიკული ტურნეს დროს „სახიფათო და იშვიათი“ ბაქტერიული ინფექცია გადაედო.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ბრიტანელ მომღერალს გასული წლის აპრილშიც შეექმნა, როდესაც ის ჩილეში გამართული კონცერტის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა.
ელტონ ჯონს 2018 წელს კონცერტები 19-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აქვს დაგეგმილი, მომღერალმა ანაკლიაში ორი კონცერტი 30 ივნისს და 1 ივლისს უნდა გამართოს.
შარშან ელტონ ჯონის სტუმრობა საქართველოში გადაიდო. მაშინ ამის მიზეზად მომღერლის ბენდის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.