“აფხაზური მედია ბოლო დღეებია, განიხილავს თემას, რომ ყველაზე გავლენიანი დაჯგუფება – არძინბას კლანი – ხელახლა გაერთიანდა და აქტიურ ბრძოლას იწყებს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სახლში გაუშვას და მომავალ “პრეზიდენტად” საკუთარი კლანის წარმომადგენელი მიიყვანოს. არც სოხუმში და არც თბილისში არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლა შეიძლება, კლანებს შორის დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, მათ შორის გამორიცხული არც სისხლიანი გარჩევებია, რადგან აფხაზეთში კლანებს შორის გავლენების გადანაწილების გამო ვენდეტა ჩვეული ფორმაა და წლების წინ არძინბას კლანიც ორ მოსისხლე ბანაკად სწორედ ფინანსური გავლენების გადანაწილების გამო გაიხლიჩა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით არძინბას კლანი ხაჯიმბას გადასაგდებად და “ხელისუფლებაში” დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებს
“ექსპერტთა კლუბის” წევრი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ არძინბას კლანის გააქტიურებას კრემლში გარკვეული ჯგუფები ლობირებენ და დიდია ალბათობა, სოხუმის რეჟიმის მმართველებად ისევ არძინბები დაბრუნდნენ, ხაჯიმბას შემცვლელი გახდეს ვინმე გვარად არძინბა და ამ კლანმა ისევ დაიბრუნოს ის გავლენა, რაც 90-იან წლებში ჰქონდა. ცქიტიშვილის თქმით, აფხაზეთში ჩიხური მდგომარეობაა. ხედავენ, რომ ხაჯიმბას არ შეუძლია მართვა, მაგრამ ვერც მის კონკურენტს ხედავენ. ამიტომაც გააქტიურდა ახლა არძინბების კლანი და ამას მოსკოვში ლობირებს გარკვეული ჯგუფი. ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა ანილ არძინბა. ის მუშაობს პუტინის ადმინისტრაციაში და პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან აქვს დაპირისპირება, ხაჯიმბა კი სურკოვის კადრია. ვფიქრობ, არძინბებმა გადაწყვიტეს, პოლიტიკური თამაში წამოიწყონ და მათ კრემლში მხარდაჭერა აქვთ სურკოვთან დაპირისპირებულ ბანაკში. ინალ არძინბას აქვს ამბიციები, “პრეზიდენტი” გახდეს. სოხუმში არძინბების კლანი მობეზრებული აქვთ და რთულია იმის თქმა, მხარდაჭერას რამდენად მოიპოვებენ. გარკვეული პოლიტიკური თამაშის შემდეგ შეიძლება, შეიქმნას პირობები, რომ არძინბას კლანი დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მით უმეტეს, რომ ვლადისლავ არძინბას სახელით სპეკულირებას ყოველთვის მოახერხებენ,” – აღნიშნავს გამოცემა.
“აფხაზურ მედიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, ან “მთავრობის” გადაყენება მოხდეს, ან რაულ ხაჯიმბას მოუწიოს თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება, რადგან აფხაზეთში ხაჯიმბას წინააღმდეგ ბოლო დროს დიდი უკმაყოფილება დაგროვდა, ხოლო აღშფოთების ბოლო წვეთი იყო გასული წლის დეკემბერში 20-წლიანი პატიმრობამისჯილი ქართველი მებრძოლის, გიორგი ლუკავას გათავისუფლება, რასაც სოხუმში დიდი გამოსვლები და ხაჯიმბას გადაყენების მოთხოვნებიც მოჰყვა, ოპოზიციამ კი დე ფაქტო პროკურატურაშიც შეიტანა სარჩელი ხაჯიმბას მიერ “ერთპიროვნულად გადაწყვეტილი შეწყალების კანონიერების შესასწავლად”. სულ ცოტა ხნის წინ აფხაზეთში შეიქმნა “საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების კავშირი”, რომლის ლიდერები აცხადებენ, რომ ხაჯიმბას გადაყენებისთვის “ყველა კანონიერი გზით” იბრძოლებენ. აფხაზური მედიის ცნობით, ეს ორგანიზაცია ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტია “ამცახარამ” შექმნა, რომელსაც არძინბას კლანის ერთ-ერთი ფრთა აკონტროლებს. თუკი დე ფაქტო მთავრობის გადაყენება მოხდება, ე.წ. პრემიერ-მინისტრის კანდიდატად სახელდება ადგურ არძინბა, რომელიც ახლა ე.წ. ეკონიმიკის მინისტრის პოსტს იკავებს და ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა აფხაზეთში. სწორედ ის იყო ინიციატორი, წლების წინ ორ მოსისხლე ბანაკად გადაქცეული არძინბას გვარის წევრები შესარიგებლად სოჭში შეეკრიბა, სადაც დაიგეგმა კიდეც მომავალი ერთობლივი გააქტიურება აფხაზურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში“, – განაგრძობს გამოცემა.
“დეკემბერში “რუხ კარდინალად” ცნობილი, გავლენიანი და მდიდარი ფიგურა პაველ არძინბა მოკლეს, რომელიც ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი და სწორედ ამ მკვლელობის შემდეგ გადაწყდა კლანური ომის დასრულებაც. სოჭის შეკრებას ესწრებოდა 27 წლის ინალ არძინბა, კრემლის ჩინოსანი, რომელიც აფხაზეთში ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა პოლიტიკოსად ითვლება და სოხუმში მის “გაპრეზიდენტებას” აქტიურად განიხილავენ. იანვარში ვლადიმირ პუტინმა მას გენერლის წოდება მიანიჭა. თუმცა, აფხაზური წყაროების ინფორმაციით, სოხუმში გავრცელებული მოლოდინების საწინააღმდეგოდ, არძინბა დე ფაქტო პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას და საერთოდაც სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ მას “პრეზიდენტობისთვის” საჭირო ასაკისთვის, 35 წლისთვის ჯერ არ მიუღწევია, აფხაზეთში კი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წელსაა დაგეგმილი. კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური პროცესები უფრო და უფრო იძაბება და უკვე აშკარაა, რომ რაულ ხაჯიმბას ფრთას გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია. ცქიტიშვილის თქმით, იმდენად დიდია ხაჯიმბათი უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი, რომ მას დარჩენის პერსპექტივა არ აქვს. მის ლობისტ ვლადისლავ სურკოვს ახალი დასაყრდენის ძებნა მოუწევს, რომ არძინბების კლანს გაუმკლავდეს,” – დასძენს გამოცემა.
“იგივე, გავლენის სფეროების გადანაწილებას უკავშირდებოდა არძინბებს შორის ომიც, რომელსაც რამდენიმე არძინბას მკვლელობა მოჰყვა, მათ შორის ბოლოს, დეკემბერში საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს პაველ არძინბა. 2017 წელს ასევე ყველაზე გახმაურებული იყო ორ გვარს – კვიცინიებსა და ჟიბებს შორის სისხლიანი დაპირისპირების სერია. ჯერ 2017 წლის 1-ელ იანვარს ოჩამჩირის რაიონში იპოვეს ბესლან კვიცინიას ცხედარი. გამოძიებამ მკვლელობაში ეჭვმიტანილად როლანდ ჟიბა დაასახელა, რასაც შემდეგ დიდი შურისძიება მოჰყვა. 4 იანვარს შეიარაღებულმა პირებმა როლანდ ჟიბასა და მისი ნათესავების 3 სახლი გადაწვეს, 6 იანვარს კი სოხუმში ბესლან კვიცინიას საფლავზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს რომან ჟიბა, ჯვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ როლანდ ჟიბას ბიძაშვილი. ამ მკვლელობების შემდეგ როლანდ ჟიბა საქართველოში დააკავეს და ახლა აფხაზეთს გადასცეს. ცქიტიშვილის თქმით, აფხაზეთი დაყოფილია საგვარეულო კლანებად და კლანების ინტერესების შესაბამისად ხდება აფხაზეთის მართვა. ბიზნესისთვის, ხელისუფლებისთვის იქ გარჩევები ძალიან ხშირია. ხელისუფლებაში მისვლა იქ იმდენად სასურველია, რომ არ გამოვრიცხავ, სისხლიანი დაპირისპირებაც კი იყოს,” – წერს სტატიის ავტორი.