20 წლის ლუკა ლომთაძე მალე ფეისბუქის მთავარ ოფისში გაივლის სტაჟირებას.
ლუკა გეგმებსა და მოლოდინებზე „კვირის პალიტრასთან” საუბრობს.
როგორც ის ინტერვიუში ამბობს, ქუთაისის ფიზიკა–მათემატიკური სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში, სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში გააგრძელა, ამერიკაში გასული წლის აგვისტოში ჩავიდა, გაცვლითი პროგრამით, სან –დიეგოს უნოვერსიტეტის მთავარ კამპუსში.
ლუკა ყვება თუ როგორ მოხვდა ფეისბუქში:
„როგორც ამ უნივერსიტეტის სტუდენტს, შემეხმიანენ და მითხრეს, რომ ჩემი რეზიუმეთი დაინტერესდნენ. ეძებდნენ ადამიანს, რომელსაც მაღალი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს და ადვილად გაართმევს თავს დიდ პროექტებზე მუშაობას. ორი გასაუბრება გავიარე და ორჯერვე მოცემულზე მოკლე დროში გავართვი თავი დავალებას. 250 ათასზე მეტი აპლიკანტი იყო. იქ ინტერვიუზე მოხვედრაც კი იმაზე რთულია, ვიდრე ჰარვარდში“ – აცხადებს ლუკა ლომთაძე.
სტაჟირება მაისში იწყება. ლუკა ამბობს, რომ ფეისბუქის მთავარ ოფისში იმუშავებს.
„როგორც ამიხსნეს, სტაჟიორთა 50% სრულ განაკვეთზე დასაქმდება. მე სისტემური უზრუნველყოფის დეპარტამენტში გავივლი 3 –თვიან სტაჟირებას. ფეისბუქს რამდენიმე ოფისი აქვს. მე სილიკონოს ველზე ფეისბუქის მთავარ ოფისში ვიმუშავებ. ცუკერბერგიც იმავე ოფისში ზის. ამბობენ, თავმდაბალი ადამიანიაო, იმედია, შევხვდებით. ვიცნობ ქართველს, რომელიც უკვე სრულ განაკვეთზე მუშაობს“, –ამბობს ლუკა ლომთაძე.
„კვირის პალიტრა”