მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. იგი საგამოძიებო უწყებაში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში დაიბარეს. ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:30 საათზე უნდა მივიდეს.
შეგახსენებთ, 7 თებერვალს კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რაც „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის“ საჩივრის საფუძველზე მოხდა. საჩივრის მიხედვით, კომპანიის დაქირავებულმა დირექტორმა „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორის და 100%-იანი წილის მფლობელის, ვლადიმერ ჯანჯღავას ქონება მიისაკუთრა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმეზე გამოძიება 18 იანვარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.