27 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ჩავა.
მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსთან. მინისტრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ „თბილისის კონფერენციის“ გახსნის ცერემონიაში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, „თბილისის კონფერენციის“ დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს 2015 წლის 14 აპრილს, თბილისში, საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას და საექსპერტო დახმარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან და სეიმის ვიცე-მარშალთან რიშარდ ტერლეცკისთან.
მიხეილ ჯანელიძე ასევე ვარშავის აჯანყების მუზეუმს ეწვევა და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს.