„ჩემი შვილი წამებით მოკლეს, ნატანჯია და ამის გამო აჭიანურებენ, რომ ეს არ გახმაურდეს“, – აცხადებს ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი.
გარდაცვლილის ოჯახი ხელისუფლების პასუხს ელოდება. ყოფილი სამხედროს ახლობლები ოკუპირებული ცხინვალიდან ცხედრის უმოკლეს დროში გადმოსვენებას ითხოვენ და შინაგან საქმეთა მინისტრს 48 საათიან ვადას აძლევენ.
არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა გზას ისევ გადაკეტავს და არცერთ რუსულნომერიან მანქანას არ გაატარებენ.
“იმათთან მოლაპარაკება ძალიან რთულია, მაგრამ ყველა უწყება ჩართულია, რომ მოხდეს დროულად გადმოსვენება. ნაწამებია, ნატანჯია და ამის გამო აჭიანურებენ, რომ ეს არ გახმაურდეს, რომ წამებით მოკლეს ჩემი შვილი ,“ – ამბობს გიორგი ტატუნაშვილი.
მისივე თქმით, ამ დრომდე კავშირი ვერ ხერხდება ტატუნაშვილთან ერთად გატაცებულ ორ თანასოფლელთან. თუმცა გიორგი ტატუნაშვილი ამბობს, რომ მან იცის, როგორ დააკავეს მისი შვილი.
“ხელბორკილები დაადეს. დაბორკილმა გაუწია წინააღმდეგობა. ფიზიკურად ძლიერი იყო არ ემორჩილებოდა და მოკლეს. ჩემი ერთადერთი ნატვრა ისღაა, რომ დედას ცხედარი დაუბრუნონ და როგორც წესია ისე დაიტიროს. ველოდები, თუ არადა არცერთი რუსეთის მანქანა აღარ გაივლის,“-ამბობს გიორგი ტატუნაშვილი.
გიორგი ტატუნაშვილი – წამებით მოკლეს ჩემი შვილი. ნაწამებია, ნატანჯია და ამის გამო აჭიანურებენ
2018/02/27 13:53:25

ნანახია: 1295 ჯერ