ფოტორეპორტიორი გია აბდალაძე ორჯერ იყო დაპატიმრებული და ორჯერვე მძიმე ბრალდებით. ცხინვალში ტერორიზმი ბრალდებოდა, საქართველოში ჯაშუშობა. თუ როგორ დააკავეს გია ცხინვალში, როგორ გაათავისუფლა მან თერთმეტი ქართველი პატიმარი და რა გზა გაიარა გლდანის საპატიმროში, ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიორგი აბდალაძე: მე, ალბათ, ერთადერთი ვარ – არ ვიცი, სხვა არსებობს თუ არა ვინმე ასეთი ჟურნალისტიკაში, ორჯერ რომ დამაპატიმრეს და ორჯერვე ყველაზე მძიმე მუხლებით, რაც კი არსებობს იურისპრუდენციაში. პირველია ცხინვალის საპატიმროში ყოფნის პერიოდი. თუმცა, იქ სასამართლო და რამე, არ შედგა. მაგრამ, ბრალი მქონდა წაყენებული ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობაზე.
– ცხინვალში როგორ დაგაპატიმრეს?
– „კვირის პალიტრაში“ ვმუშაობდი. მე და ჩემი თანამშრომელი იმ პერიოდში, ერგნეთის ბაზრობაზე წავედით რეპორტაჟის გასაკეთებლად – ერგნეთის კონტრაბანდის თემასთან დაკავშირებით. იქ, ბაზრობაზე მანქანაში ჩაგვიხტნენ ცხინვალის სპეცნაზის წარმომადგენლები. კარგად გვცემეს და ცხინვალის მიმართულებით გაგვაქანეს. იქაც გვცემდნენ. იყო ბაგაბუგი, დახვრეტის იმიტირება, ფსიქოლოგიური ტერორი. დღევანდელი გადასახედიდან ეს კინოფილმივითაა: იქ, ოსებისთვის ხარ მტერი. გზაში გვცემეს, განყოფილებაშიც. მერე ერთი შემოვიდა, ქართული იცოდა და იმას ვკითხეთ, რას გვიპირებენ, ხომ არ მოგვკლავენ-მეთქი. არა, მოკვლა რომ ნდომოდათ, უკვე მოგკლავდნენ, ახლა ციხეში მიდიხართ და ალბათ, გაგცვლიანო. მოგვიტანეს ფურცელი, რომელზეც ეწერა თითქოს, ჩვენ ვიყავით ტერორისტები და ცხინვალში უნდა აგვეფეთქებინა რაღაცები. ამაზე ხელი უნდა მოგვეწერა და უარი განვაცხადეთ. კიდევ გვცემეს. ვითხოვდი, რომ მათი ჟურნალისტები მოეყვანათ. ჩემთვის ამოცანა იყო, ხალხს გაეგო, სად ვიყავით. რა ჟურნალისტები, სად მოხვდით, აზრზე არ ხართო. მოვაწერეთ ხელი იმ აღიარებით ჩვენებაზე, რომელიც ვითომ ადასტურებდა, რომ ჩვენ ვცდილობდით, ტერორისტული აქტი ჩაგვედინა ცხინვალის ტეროტირიაზე. გადაგვიყვანეს ციხეში, სადაც მე ქართველებთან მომათავსეს. ჩემი მეგობარი კი – ოსებთან. ყველაზე სასაცილო იყო, რომ საღამოს მოდელების გადაღება მიწევდა. ისეთი ნაბაგუნები ვიყავი, ვერ ვინძრეოდი და ამიტყდა სიცილი. მკითხეს, რა გაცინებსო და მე ვუთხარი: წარმოიდგინეთ, მოდელებს უნდა ვიღებდე და სად ვარ-მეთქი.
– როგორი პირობები იყო ოსეთის ციხეში?
– ქართველმა ბიჭებმა უცებ ჩეფირი მოადუღეს ციხეში. ჩამაცვეს დუბლიონკა, მაგარი სიცივე იყო. საპირფარეშოში შედიოდნენ დღეში ერთხელ დილის ექვს საათზე. ამის შიშით საჭმელს ვერ ჭამდი. თუმცა, არც არაფერი იყო. თუ ვინმე რამეს მოიტანდა ქართველისთვის, ეს ყველა ქართველზე ნაწილდებოდა. დილის ექვს საათზე საპირფარეშოში შესვლის უფლება მოგვცეს, ეზოში, სადაც საშინელი ანტისანიტარია იყო. ქართველებს ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ. უმეტეს შემთხვევაში, სცემდნენ. იქ ვიყავი სამი დღე. „კვირის პალიტრის“ თანამშრომლები გვეძებდნენ. ჯერ ეგონათ, რომ მანქანის გამო მოგვკლეს. მერე მთელი რიტუალები ჩაატარეს და მოგვძებნეს. მათ რომ არ ევაჟკაცათ, არ ვიცი, რა მოხდებოდა. თერთმეტი ქართველი პატიმარი ვნახე ცხინვალში. სხვათა შორის, მაგ ციხეში მერე მომიწია ჩასვლა რეპორტაჟზე, თვითონ ოსებმა თქვეს აბდალაძე გამოგზავნეთ და გავათავისუფლებთ ქართველ პატიმრებსო. მართლაც, 11 პატიმარი გაათავისუფლეს.
– ოსეთის და გლდანის ციხე რომ შეადარო…
– მიმართლებდა იმ ამბავში, რომ ჟურნალისტებს ორჯერ ვყავარ გადარჩენილი – ერთხელ ცხინვალის საპატიმროდან, მეორედ – გლდანის ციხიდან. ერთმანეთს რომ შევადარო, ციხე ყველგან ციხეა. მაგრამ, გლდანში პირუტყვივით ექცეოდნენ პატიმრებს, მათთვის ადამიანი არაფერს ნიშნავდა. უმეტეს შემთხვევაში, სისტემა ცდილობდა, დაეჩაგრა, გაეტეხა და იმ დონემდე მიეყვანა პატიმარი, ან თავი მოეკლა, ან გაეტეხათ და ეღიარებინათ ის, რაც არ ჩაუდენია.
– როგორ გაიხსენებდი გლდანში პატიმრობის პერიოდს?
– სახლში დამაკავეს ღამის სამ საათზე. მეუღლის დაბადების დღე იყო. როცა მითხრეს, რის გამო ვიყავი დაკავებული, სიცილი ამიტყდა – სამშობლოს ღალატი. ხუმრობდნენ, კიდევ კარგი, კომუნისტების დროს არ დაგიჭირეს, თორემ გადაგასახლებდნენ ოჯახიანადო. კარანტინი ჩვენ არ მოგვიწია. ამ ამბავმა პირველივე დღეს გამოიწვია დიდი რეზონანსი. სისტემა ასე იყო აწყობილი. მე რომ ვშიმშილობდი, სხვა პატიმარს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩემი შიმშილის გამო. იყო შემთხვევა, როცა ვშიმშილობდი და ამიტომ, სხვა პატიმარს საჭმელში ჩაუფურთხეს. ცდილობდნენ, პატიმრები ერთმანეთისთვის გადაემტერებინათ. აღიარებითი ჩვენება იმის გამო მივეცი, რომ აპირებდნენ, პატიმრების წამებას ჩემს თვალწინ. ერთ-ერთი რეჟიმის უფროსმა სასამართლოზე დაამტკიცა, რომ ის მართლა აპირებდა პატიმრების ჩემს თვალწინ წამებას. როცა საკანში დავბრუნდი, ერთ-ერთმა პატიმარმა მითხრა: ჩვენ სულ მაგ დღეში ვართო. მე კი არ ვამართლებ ჩემს საქციელს, ეკა ბესელია მეუბნებოდა, წელიწად-ნახევარი გაუძელი და სტრასბურგში მოვიგებთო. ეს ყველაფერი ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში.
– სინამდვილეში რატომ დაგაკავეს?
– გაურკვევლობის ფიქრები მქონდა. უპირველესად, ვხვდებოდი, რას გვერჩოდნენ. დღემდე ეგ ვერსია მაქვს, რომ 26 მაისის კადრებზე დაგვიჭირეს. „ქილერა” რომ გეტყვის, 26 მაისს რატომ წახვედი კადრების გადასაღებადო, უკვე გასაგებია, თუ რატომ დაგაპატიმრეს. „ქილერა” იყო მოლოდინის რეჟიმში. მან პირდაპირ მითხრა: ბრძანებას ველოდები, რასაც მეტყვიან, იმას ვიზამ. ახლა ხომ ხარ ნორმალურ სიტუაციაში, დღეიდან ჩათვალე, რომ ჯოჯოხეთი იწყება შენთვისო. რატომ-მეთქი და აი, იმისთვის.
– შენს თვალწინ ხდებოდა პატიმრების წამება, ცემა?
– იყო შემთხვევები, როცა ჩემ თვალწინ რამდენიმე ადამიანს უბაგუნეს. კორპუსიდან კორპუსში რომ გადავყავდით, ჩვენ წინ ორ ბადრაგს ერთი პატიმარი მიჰყავდა. მუცელი ისე ჰქონდა შევარდნილი, როგორც „კონცლაგერში” მყოფს. ის რომ ვერ მიდიოდა, ჩვენც ვერ მივდიოდით, ერთ ხაზში ვიდექით. ეს ავადმყოფიც ცემეს. ექიმი ეუბნება: ეს კვდება და აქ რატომაა, გადაიყვანეთ „რეზბალნიცაზეო.” ექთანი პასუხობს: ეს უნდა სასწრაფოდ შევიწყალო, გარეთ გავიდეს და იქ მოკვდეს, თორემ სტატისტიკა გვეწერებაო. ამ ყველაფერს თვითონ ისმენდა ეს ავადმყოფი. იყო „კორიდორიები” და ცემის მთელი რიტუალები ჰქონდათ. საკანში წყალს გვითიშავდნენ, ვყარდით. ვინც შენთან ერთად არის, ის ხვდება, რომ შენ გამო იტანჯება. რადიოს არ გვართვევინებდნენ. მთელ რიტუალს ვატარებდით, რომ „კვირის პალიტრის“ ინფორმაცია მოგვესმინა. იყო სასაცილო სიტუაცია. მეორე სართულზე უნდა დამდგარიყავი ფეხით და ანტენა იქ, „რეშოტკის” ზედა კუთხეზე მიგედო, იქ იჭერდა კარგად. საათი არ გვქონდა, კანალიზაციის ლუკით ვხვდებოდით, ხუთი საათი როდის იყო. ისიც მაშინ, თუ მზე ანათებდა. პარასკევს შემოვლა ჰქონდათ. შაბათ-კვირას ისვენებდნენ და ამოწმებდნენ, თუ ვინმე ნაცემი და დალურჯებული იყო, კარცერში მიჰყავდათ, სანამ ეს ყველაფერი არ გაუვლიდა. თან, შემოვლაზე სცემდნენ პატიმრებს. „წითელი ჯვარი“ რომ შემოდიოდა, ყველა პატიმარს მუქარით აიძულებდნენ, უარი ეთქვათ „წითელ ჯვართან“ თანამშრომლობაზე. ერთი ძალიან ლამაზი გოგო იყო ექიმი, მოკლე კაბით მოდიოდა და ის რომ გიავლიდა, მთელი კორპუსი ყვიროდა: მიყვარხარ, რომ გავალ, ცოლად მოგიყვანო. ბევრჯერ მინატრია, ფოტოაპარატი მქონოდა, ძალიან მაგარი რეპორტაჟი გამოვიდოდა.
– პატიმრობა რას ცვლის ადამიანში?
– ბევრ რამეს სწავლობ იქ. ყველაფერს სხვაგვარად აფასებ. დრო თითქოს ჩერდება. ხვდები, მეგობრობის, სიტყვის ფასს. შეხვედრა ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, სხვანაირად ძვირფასია: მთელი კვირა რომ ელოდები მათთან შეხვედრას. ხვდები თითოეული წუთის და წამის ფასს. ბევრ რამეს ხედავ სხვაგვარად: შენს ოჯახში ვინ მივა, ვინ მიაქცევს ყურადღებას, – როგორც გასვენებებში ხდება ხოლმე. დაფასების ამბავია. საპყრობილიდან რომ გამოვედი, ჩემდა გასაკვირად, ერთ კვირაში მომიწია სააკაშვილის გადაღება – პარლამენტში წლიურ ანგარიშს აბარებდა. რედაქტორმა მითხრა, შენ ჩვენი თანამშრომელი ხარ, შენ უნდა წახვიდე ფოტოების გადასაღებადო. თან ვიღებდი, თან ვიგინებოდი. შეიძლება, თვითონაც დამინახა კიდეც: გულში ვაგინებდი და თან.
http://tbiliselebi.ge