შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან – თ.ბ.-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა.
თ.ბ.-მ მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.