მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მსჯავრდებული შეწყალების საფუძველზე ისე გაათავისუფლა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე დავა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა. „2016 წლის 27 მაისს, პოლიციაში დაიწყო გამოძიება საქმეზე გ. უ. – ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 27 მაისს, ღამის საათებში, ნ. თ. – მ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე განიზრახა გ. უ. – ს მოკვლა და დანისმაგვარი საგნით სახის, მუცლის ღრუსა და ტანის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 2016 წლის 28 ივნისს სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა ძებნილი ბრალდებული.
2017 წლის 24 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, შეიცვალა ნ. თ. – ს საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი პროკურატურის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოთხოვნილია ნ. თ. – ს დამნაშვედ ცნობა მკვლელობის მცდელობაში.
საქმე ამჟამად განხილვის სტადიაზეა, თუმცა მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელისაგან“- განაცხადეს პროკურატურაში.
პროკურატურა – პრეზიდენტმა ერთ-ერთი მსჯავრდებული ისე შეიწყალა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო
2018/04/17 20:13:00

ნანახია: 869 ჯერ