„სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტის მოხსენება ჩემთვის ძალიან უინტერესო აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებსა და გამოწვევებზე პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, არ ილაპარაკა“, – ამის შესახებ ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენება, წესით, სულ სხვა მიზნებისკენ უნდა იყოს მიმართული. მარგველაშვილს უნდა ელაპარაკა იმ ძირეულ პრობლემებზე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას, მის ადგილს რეგიონში, ქვეყნის განვითარებას და პერსპექტივებს.
მისი გამოსვლით მართლაც ყველა უკმაყოფილო დარჩა, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მარგველაშვილი არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს არ მიჰყვება.
აღმაშფოთებელი იყო ჯერ მისი მოთხოვნა, პარლამენტს დაერღვია რეგლამენტი და ყველა გამომსვლელი დეპუტატისთვის მაშინვე ეპასუხა, მერე კი მისი გაქცევა პარლამენტიდან. ეს მიხეილ სააკაშვილსაც კი არ უქნია „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროს“, – განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.