ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა იწყება, რომელსაც არ ესწრებიან ის სპორტსმენები, რომლებმაც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს.
ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის პრობლემების შესახებ ყრილობის ფორმატში იმსჯელოს.
“ეს არ დაწყებულა დღეს, უბრალოდ აქ იყო საჭირო მიზეზი, რომელიც იპოვეს წარუმატებელ ევროპის ჩემპიონატში, თუმცა, პირველ რიგში, თავის თავს უნდა ჰკითხოს ბევრმა, რატომ ვერ გამოვიდა და ვერ იჭიდავა. დიდი ხანია, ამას საფუძველი ეყრებოდა, ოთხი წლის განმავლობაში თავს ვიკავებდი იმ ძალიან ბევრი უაზრო ქმედებებისგან, ყოფილი მთავარი მწვრთნელის იქნებოდა ეს, თუ ნაკრების წევრების, რომლებიც გამოდიოდნენ და ცილს მწამებდნენ, მაგრამ არასდროს გამისაჯაროებია ეს საუბრები. მე ვფიქრობ, რომ დღეს არის ის დრო, როცა უნდა გაირკვეს მტყუან-მართალი, იმიტომ რომ მომავალმა თაობებმა ეს წრე აღარ გაიარონ”, – განაცხადა ქევხიშვილმა.
ფედერაციის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს პროცესები მართულია და დრო გამოაჩენს, ვინ დგას ყველაფრის უკან.
“ერთი და ორი ადამიანი ამას არ აკეთებს, ბუნებრივია, ეს არის დაგეგმილი და მართული პროცესი. დრო გვიჩვენებს, გამოაშკარავდება თითოეული მათგანი”, – აღნიშნა ქევხიშვილმა.