“დონბასში საბრძოლო მოქმედება განახლდა. უკვე ოთხი დღეა, უკრაინის ჯარმა სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ დონეცკისა და ლუგანსკის მთელი ფრონტის ხაზზე შეტევა დაიწყო. ყველაზე სერიოზული შეჯახება მიმდინარეობს გორლოვკის რაიონში, დონეცკსა და ლუგანსკის სოფლებში, რომელიც ე.წ. რუხ ზონად მიიჩნევა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “უნიანი” უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის პრესცენტრზე დაყრდნობით წერს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით,კიევმა პრორუს სეპარატისტებზე შეტევა დაიწყო
“უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, დონბასში ბრძოლის განახლება მოსალოდნელი იყო და შესაძლოა, ახლა დაწყებული შეტევა ფრაგმენტული ხასიათის სულაც არ იყოს, ფართომასშტაბიან საბრძოლო ოპერაციაში გადაიზარდოს. ოპერაციის განახლების ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ უკრაინას აშშ-მა სამხედრო შეიარაღება გადასცა და, ასევე, დიდი დაფინანსებაც, რომლითაც უკრაინამ შეიარაღება შეისყიდა, რის გამოც ის დღეს უფრო კარგად შეიარაღებულია, ვიდრე სეპარატისტების ამბოხების დაწყებისას იყო. მაისაიას თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ახლა დაიწყო მოთელვა და იგი გრანდიოზული ტიპის შეჯახებაში გადაიზარდოს ან შეიძლება შეჩერდეს. რთულია, გათვალო. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე არის ე.წ. რუხი ზონის ფარგლებში გამაგრება, იქიდან დონბასისთვის ალყის შემორტყმა და ამით პოლიტიკური და სამხედრო ზემოქმედება დონბასის სეპარატისტებზე. საბრძოლო ოპერაცია რომ განახლდებოდა, ამის ტენდენცია იყო,” – აღნიშნავს გამოცემა.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ამ დღეების შეტევებისას სეპარატისტების მხარეს გარდაცვლილია 15 და დაჭრილია 10 “ბოევიკი”. გუშინ კი ამბოხებულების მხარეს დაღუპულია 2 და დაჭრილია – 3. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი, ასევე, ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ მხარეს დაღუპული არავინაა, მაგრამ დაჭრილია ორი მებრძოლი. კიევისაგან განსხვავებით, უკრაინული არმიის დანაკარგზე წერს რუსული მედია. რუსული მედიის ცნობით, ვოლონტიორების ფონდმა “დაბრუნდი ცოცხალი” თავის “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, რომ სოფელ ზაიცევოს მახლობლად დაიღუპა 22 წლის უკრაინელი სნაიპერი 24-ე მექანიზებული ბრიგადიდან. ასევე, 23 მაისს დონეცკის მისადგომებთან ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში ამბოხებულებმა გაანადგურეს “ხუთი ადამიანი უკრაინული დივერსიული ჯგუფიდან”. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” დონეცკის სეპარატისტული მხარის სარდლობაზე დაყრდნობით წერს. რუსული მედია იტყობინება, რომ “ამ დივერსიული ჯგუფის წევრებს” ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი, თუმცა ჰქონდათ დონეცკის ერთ-ერთი ქვედანაყოფის შევრონიც. ბრძოლა დონბასში ორშაბათს განახლდა. “უნიანი” წერს, რომ, ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, მხოლოდ 21-22 მაისს, ერთი დღე-ღამის განმავლობაში, 218 აფეთქება მოხდა დონეცკისა და ლუგანსკის შეხების ხაზთან”, – განაგრძობს გამოცემა.
“ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ბრძოლის განახლება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ერთი, რომ მომავალ წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებია, პოროშენკოს დაბალი რეიტინგი აქვს და მან უნდა აჩვენოს, რომ რაღაც შეუძლია. მეორე მომენტია ის, რომ პოროშენკომ მიიღო სამხედრო დახმარების დიდი ნაწილი აშშ-დან, მათ შორის, შეიარაღების კუთხით, მიიღო დაფინანსებაც და ამ თანხით უკრაინამ ნატოს წევრი სახელმწიფოებისაგან დაიწყო იმ შეიარაღების შესყიდვა, რაც აკლდა. დონბასში ბრძოლის დაწყებისას რუსეთის მხრიდან დასავლეთ უკრაინაში სრულიად განადგურდა ის არსენალი, საიდანაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მარაგდებოდა და ახლა უკრაინამ ეს დანაკარგი შეივსო. გარდა ამისა, უკრაინამ სამხედრო ოპერაციის ფორმატი შეცვალა – თუ ადრე დონბასის სეპარატისტებთან ბრძოლას ანტიტერორისტული ოპერაცია ერქვა, ახლა ფორმატი გააფართოვა და შეიარაღებული ძალების ნაწილები უკვე სრულად ჩაერთვნენ იქ არსებულ მისიებში”, – დასძენს გამოცემა.
“მაისაიას თქმით, ყველზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უტევენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუხ ტერიტორიებად იწოდება და არ არის შესული “მინსკი 2 ხელშეკრულების” გავლენის ზონაში. “მინსკი 2”-ის მიხედვით, გაკეთებული იყო 3 ზონა. პირველი წითელი ზონაა, სადაც საბრძოლო მოქმედება არ უნდა განახლდეს. მეორე ზონაა რუხი ზონა, რომელიც წითელ ზონას ემიჯნება და იქ ძალთა ბალანსის შესაქმნელად მხარეებმა რომ დაიწყონ საბრძოლო ოპერაცია, პრობლემა არ არის, რადგან ნაკლებად მნიშვნელოვანი არეალია. მესამეა მწვანე ზონა, რომელიც გარე ზონაა და მას უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ. აქედან გამომდინარე, უკრაინა ცდილობს, რუხ ზონაში მოიკიდოს ფეხი და ხელში ჩაიგდოს გორლოვკა, რომელიც დონეცკიდან 37 კილომეტრზეა. გორლოვკის დაკავება კიევს აძლევს საშუალებას, დონეცკზე პირდაპირ განახორციელოს საარტილერიო-სარაკეტო დარტყმა. ასევე, გორლოვკის მიმართულება პირდაპირი კარიბჭეა დონეცკის ასაღებად. აქ კიდევ ერთი ნიუანსია, რომ სეპარატისტების შიგნითაც არის საკმაოდ დიდი არეულობა. ლუგანსკში სამხედრო გადატრიალება მოხდა და კრემლმა იქ არსებული დაჯგუფების ხელმძღვანელობა რუსული ფედერალური უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმების მეშვეობით ჩამოაგდო. უკრაინამ ეს ფაქტორიც გამოიყენა,” – წერს სტატიის ავტორი.