“ზაზა სარალიძეს და მე ერთი ტრაგედია გვაქვს, ამაზე დიდი ტკივილი რაღა უნდა იყოს ჩვენთვის. დღესაც არ ვიცი, როგორ ვლაპარაკობ, საერთოდ ვერიდებოდი გამოჩენას… მე მესმის, რა ტკივილსაც გრძნობს ზაზა. მას გამოძიებასთან შეკითხვები აქვს და შესაძლოა, მეც დამრჩა პასუხგაუცემელი კითხვები, ველოდებოდი, რომ მეტს მიუსჯიდნენ ლევანის მკვლელს… აქციაზე სარალიძესთან მინდოდა ჩემი აზრის გაზიარება, მისი რჩევის მოსმენა, მაგრამ ვერ დაველაპარაკე. ზაზას ვიღაც შავებში ჩაცმული მაღალი ბიჭი მოჰყვებოდა და ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე“, – აცხადებს ლევან დადუნაშვილის მამა დავით დადუნაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზაზას ვიღაც შავებში ჩაცმული ბიჭი მოჰყვებოდა და ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე”.
“აქციიდან წამოვედი თუ არა, გზაში ვიგებ, რომ თურმე ვიღაცებს სუს-ის აგენტად გამოვუცხადებივარ, ისიც კი უთქვამთ, აქციაზე სუს-ის თანამშრომლებმა მიაცილესო. რაღა უნდა ვთქვა ამის შემდეგ?! სოფელში ტელევიზორს ვუსმენდი და აქციაზე კაცი გამოვიდა, ლევან დადუნაშვილის ნათლია ვარო, არადა, ამ კაცს არასდროს უნახავს ჩემი შვილი. ამ ფაქტმა აღმაშფოთა და აქციაზე მისვლა გადავწყვიტე. ვის მოაფიქრდა მისი იქ მიყვანა და ლევანის ნათლიის სახელით ლაპარაკი? დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზაზას არ მისცეს ჩემთან საუბრის საშუალება”, – აღნიჩნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით დადუნაშვილი და შეკითხვაზე – “თქვენ თავიდანვე ნდობა გამოუცხადეთ პროკურატურას, რატომ?” – პასუხობს:
“დარწმუნებული ვარ, სიმართლე დადგინდება. პირველ რიგში სიმართლის გარკვევა უნდა დაიწყონ იმ ბავშვებისგან, რომლებიც ამ ტრაგედიის თვითმხილველები არიან. ყველა მხარეს მყოფი ბავშვები უნდა დასხდნენ და თქვან სიმართლე. ამის შემდეგ ყველაფერი გაირკვევა და ზაზაც არ იქნება ასე გაუბედურებული. ხელისუფლება გვპირდება, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და მე ეს მჯერა. თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, მეც გავშლი კარავს ზაზასთან ერთად”.
“გამოძიების პირველივე დღიდან ყველა მასალასთან წვდომა გვქონდა. საქმე თავიდანვე გამყარებული იყო, ამიტომაც არაფერში გვეპარებოდა ეჭვი და ლევანის ნაწილში დღესაც იმავე პოზიციაზე ვართ. ლევანი არ ფიგურირებს არც სკოლის შიგნით და არც ხორავას ქუჩაზე დაწყებულ გარჩევაში. ლევანი ხორავას ქუჩაზე შედის მაშინ, როდესაც კონფლიქტი თითქმის დასრულებულია და ზუსტად ამ დროს პირდაპირ მკვლელს ეჩეხება. მათ შორის გაწევ-გამოწევა დიდხანს გაგრძელდა, მკვლელი დანას რომ უქნევდა, ლევანი შიშველი ხელებით ცდილობდა მოგერიებას, ამიტომაც ჰქონდა ხელები სულ დასერილი. ერთი ჭრილობა ბარძაყის არეში ჰქონდა, თუმცა არ იყო ღრმა. ლევანი არ იყო სპორტსმენი, ფიზიკურად ვეღარ მოერია და მეორე ჭრილობა მკვლელმა გულმკერდის არეში მიაყენა. ეს ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი საქმეში, თუმცა სოლიდარობას ვუცხადებთ სარალიძეს – უნდა დადგეს განაჩენი, რომელიც სამაგალითო იქნება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან დადუნაშვილის დეიდა თამარ საყვარელიძე.
“კუპრავას გარდა, აქციის ორგანიზატორია ლაშა ცუცქირიძე, რომელმაც აქციიდან გაიყვანა ლევან დადუნაშვილის მამა. გავრცელდა მისი მუქარის შემცველი განცხადებები: “ჩემი წერა გახდებით! მიშა, შენ ჩემი პრეზიდენტი ხარ და შენ გამო სიცოცხლესაც გავწირავ~. აქციაზე გამოსულმა დავით დადუნაშვილმა თქვა მასზე, შავებში ჩაცმულმა მაღალმა კაცმა საუბრის საშუალება არ მომცა, სარალიძეს უჩქმიტა და ჩემზე უთხრა, არ დაელაპარაკოო… ეს კაცი ლაშა ცუცქირიძეა, საბურთალოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის წევრი”, – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “კუპრავა გარეწარია, მასზე საქმე იყო აღძრული და ჩაფარცხეს”.
“მესამე ორგანიზატორი ტიტე გედენიძეა, ის წითელმაისურიანი ბიჭი, რომელიც მიკროფონს არ აგდებს ხელიდან და სტუდენტ გოგონაზე ამბობს, ორი წუთით გავედი და თურმე სუს-ის აგენტი შემოპარულაო. ტიტე გედენიძე “ნაცმოს” ახალგაზრდა ორგანიზაციის აქტივისტია. მან იცის აქციის წაყვანა, ტრენინგები აქვს გავლილი. ლამის ჩაქოლა გოგო, რომელმაც თქვა, პარტიულობას ვემიჯნებითო. აქციაზე ვნახე შეშინებული გოგონა, რომელმაც გაავრცელა ვიდეო, იქ საუბრის საშუალება არ მომეცა, მანამდე გვერდზე გამიყვანა და გამომკითხა, რის თქმას აპირებ, აპოლიტიკური ხარ თუ არაო. ამ გოგონას უნდა მოეყოლა, სინამდვილეში რა ხდებოდა აქციაზე. მოსწავლეებს 77-ე სკოლასთან ჰქონდათ აქცია, სადაც განაცხადეს, რომ არ აძლევდნენ გამოხატვის საშუალებას, მათ უნდოდათ ეთქვათ, სოლიდარობას ვუცხადებთ სარალიძეს, მაგრამ ვემიჯნებით მკვლელ “ნაციონალებსო”. აქციაზე გამოჩნდა გიული ალასანიაც. სამარცხვინოა, როცა “ნაცმო” დადუნაშვილებს სუს-თან გარიგებულებს უწოდებს. ძალიან ბინძურ განცხადებებს ავრცელებენ მათი მხარდამჭერებიც. ეს არის ჩვეულებრივი სექტა, შვილმკვდარ მამას ხელების ქნევა და სტვენა დაუწყეს, თითქოს ამ საქმეს ერთი მსხვერპლი ჰყავდეს”, – დასძენს ბლოგერი.