რეჟისორი გოგა ხაინდრავა for.ge-სთან ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენელთა ჩართვას გამოეხმაურა.
„კომისიის შექმნას პარლამენტში რაღაც წესები აქვს, მე არ ვიცი, როგორი, რეგლამენტი მოითხოვს ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნას ამ კომისიაში. რა მნიშვნელობა აქვს, წერეთელი იქნება, კახიძე თუ ნურსა?! ყველანი ბოკერიები არიან. კახიძე მაგალითად, ორი გვამის მოყვარულ მერაბიშვილს იცავდა და დღესაც იცავს. ყველანი ერთნაირად ცდილობენ, გაამართლონ თანამოსაქმეები, რომელთანაც ერთად სისხლში ჩაახშვეს საქართველო – სააკაშვილი, ადეიშვილი, მეგის ქარდავა, მერაბიშვილი, კოხტა კოდუა და ა.შ.
ბოკერია იმიტომ გამოვყავი, რომ ამ დანაშაულებრივი ჯგუფის კრებსითი სახეა. რა მნიშვნელობაა, რას დაირქმევენ – „ევროპულ საქართველოს“ თუ „ანტარქტიდის ლიბერალებს“?! რა ნაძირლებიც იყვნენ, ის ნაძირლები დარჩებიან. ჩვენ ხომ ვიცით, რისი ჩამდენნი არიან?! ამ ბოროტებმა რა სამართალი უნდა დაადგინონ. ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფი და შედეგიც ანგაჟირებული ექნებათ. შეეცდებიან, რომ სათავისოდ გამოიყენონ მომენტი. თუმცა, მინდა დავარწმუნო – ამაოდ! ვერაფერს ვეღარ გამორჩებიან! სამაგათო ამ ქვეყანაში აღარაფერი მოიძებნება!
საცოდაობა და გულდასაწყვეტი ის არის, რომ ამ ფარსში მონაწილეობს სარალიძე. ადამიანი, რომელსაც ამხელა უბედურება დაატყდა თავს… მაგრამ ეს მისი არჩევანია. ნუთუ არ ესმის ამ პოლიტიკური მეძავების თვალთმაქცობა, როდესაც წამდაუწუმ გაიძახიან ტელეეკრანებიდან, ზაზამ ასე თქვა! ზაზამ ისე თქვა! ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორც ზაზამ თქვა… გჯერა მათი, ზაზა? გჯერა? რომელიმე მათგანს როდისმე აინტერესებდა, ზაზამ რა თქვა?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასი წელი არ აინტერესებს არც ერთ მათგანს ზაზა.
რა არის მათთვის განცდა და ადამიანის გულის ტკივილის გაზიარება, ეს ირინამ იცოდა ენუქიძემ, იურა ვაზაგაშვილმა! ბოკერიამ და კომპანიამ კომისიაში ექსპერტად მოიწვიეს ქადაგიძე – იური ვაზაგაშვილის შვილის მკვლელობის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი!!! ხომ გესმით, რა სიმართლეს დაადგენენ ის და ჭაია! გამოიყენებენ სარალიძეს, ამ გაუბედურებულ ადამიანს, ისე, როგორც მხოლოდ მაგათ შეუძლიათ, ისე, როგორც მაგათ სჭირდებათ. არანაირი თანადგომა მათთან არ შეიძლება. თანადგომა შეიძლება წესიერ ადამიანებთან, ვიგინდარებთან და მოძალადეებთან თანადგომა, ბოროტებაში თანამონაწილეობაა. ასეთ გარემოებაში საზოგადობის მხარდაჭერა არ გექნება“, – განაცხადა ხაინდრავამ.
for.ge