პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი 31-ე სკოლაში საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება.
მისი თქმით, ნოდარ გიორგაძე თავის ყოფილ სკოლას სტადიონს უშენებს, გარშემო ბაღსაც გაუკეთებს და ეზოსაც მოუწესრიგებს.
„დღეს დილით ჩუღურეთის რაიონის 31-ე სკოლის მინი სტადიონის მშენებლობის დამამთავრებელი ეტაპი მოვინახულეთ. უმაღლესი ხარისხის მასალის საფარველია. ნოდარ გიორგაძე უშენებს თავის ყოფილ სკოლას. გარშემო ბაღსაც გაუკეთებს და ეზოსაც მოუწესრიგებს. ვფიქრობ, სამაგალითოა“, – წერს გია ვოლსკი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება არსებული ინფრასტრუქტურა და მოსწავლეებს სულ მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ექნებათ.
სპორტული მოედნის მოწყობა სკოლის დირექციასა და კომპანია „ჯინო კაპიტალის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის განხორციელებაში პირადად არის ჩართული „ჯინო კაპიტალის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.
31-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიკო ჯანაშიამ დღეს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, შალვა გოგოლაძეს, პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ვოლსკის, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეს, რიმა ბერაძეს და „ჯინო კაპიტალის“ დირექტორს ნოდარ გიორგაძეს დაათვალიერებინა.