“კრიმინალურ ავტორიტეტად” ცნობილი მსჯავრდებული გიორგი ქართველიშვილი, სასჯელის იმ ზომას ასაჩივრებს, რაც პატიმრის მიერ სასჯელაღარულების დაწესებულების თანამშრომლისადმი არაერთგზის დაუმორჩილებლობისთვისაა გათვალისწინებული.
მსჯავრდებული გიორგი ქართველიშვილი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის იმ ნაწილს, რომელიც პატიმრის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობის არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში, რვიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსარჩელესთვის სადავო ნორმა ბუნდოვანია და იგი იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, რის გამოც, შესაძლებელია, მსუბუქი ხასიათის დაუმორჩილებლობის შემთხვევაშიც, ბრალდებულს მაქსიმალური სასჯელი შეეფარდოს.
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯავრდებულის ძმამ, ადვოკატმა მერაბ ქართველიშვილმა შეიტანა, რომლის განცხადებით, გიორგი ქართველიშვილი 2012 წელს, პატიმრობის დასრულებამდე ორი კვირით ადრე სწორედ ანალოგიური სასჯელის მსხვერპლი გახდა, საქმე კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის თებერვლის ბოლოს 20 კრიმინალური ავტორიტეტი უნდა გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან, რომელთა შორის ნახსენები იყო გიორგი ქართველიშვილი.
ადვოკატი “პირველთან” საუბარში ამბობს, რომ გიორგი ქართველიშვილი 1998 წლიდან პატიმრობაში იმყოფება და მას სასჯელარსრულების დაწესებულება ამ დრომდე არ დაუტოვებია.
გიორგი ქართველიშვილი თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით გაასამართლეს, მას შემდეგ კი სასჯელაღარულების დაწესებულების თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობისთვის რამდენჯერმე დაუმატეს მსჯავრი.
ადვოკატი ამბობს, რომ ქართველიშვილისთვის სასჯელის დამატება იმის გამო ხებოდა, რომ მას საპატიმრო დაწესებულება არ დაეტოვებინა.
ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ქართველიშვილს პატიმრობიდან გათავისუფლება 2018 წლის აგვისტოში უწევს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, ის დროზე ადრე გათავისუფლდება.
www.pia.ge