გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა კაშ პატელმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ არ ეთანხმება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე პირების შეწყალებასთან დაკავშირებით.
„მე არ ვეთანხმები სასჯელის შემსუბუქებას არცერთი იმ პირისთვის, ვინც სამართალდამცველების წინააღმდეგ იძალადა“, – განაცხადა პატელმა.
ამასთან, პატელის განცხადებით, „სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობის მიმართ ტოლერანტობა არ უნდა არსებობდეს.
„ნებისმიერი პირი, ვინც სამართალდამცველების წინააღმდეგ იძალადებს, უნდა იყოს გასამართლებული და დაპატიმრებული. 6 იანვარსაც იგივე ვთქვი სამართალდამცველების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე“, – აღნიშნა პატელმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე 1 600-მდე პირის შეწყალების შესახებ.