ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებით აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.
„ეს არის უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს ვიზიტი შედგა ვარშავის ნატო-ს სამიტის წინ. ეს არის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინება და დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მძლავრი ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, კიდევ უფრო მეგობრული, პოზიტიური და მნიშვნელოვანი გავხადოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ
2016/07/06 18:58:06
ნანახია: 1609 ჯერ