სოციალურ ქსელში, თბილისის ყოფილი პროკურორის ვალერი გრიგალაშვილის წერილი ვრცელდება, რომელიც მან 2013 წელს “ნიუპოსტს” გაუგზავნა. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“სულხან მოლაშვილს პატიმრობა შეეფარდა 2004 წლის აპრილის დასაწყისში. იმ პერიოდში მას ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გადაწყდა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხის, ჩვენი ქვეყნის საკმაოდ ცარიელ ბიუჯეტში, გადახდის შემდგომ, მას შეცვლოდა აღკვეთის ღონისძიება. დეტალებში მოსალაპარაკებლად გენერალური პროკურორის ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად ვიმყოფებოდი N7 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ჩვენს შორის მოლაპარაკება შედგა.
ვისარგებლე შემთხვევით და სულხან მოლაშვილს შევეკითხე: „სულხან თქვენ სავარაუდოდ, ხვალ გადიხართ, რომ ამბობთ „კაპეზეში“ ყოფნისას გაწამეს, ეს ხომ აშკარად ტყუილია. ჩავატარეთ გამოძიება და დავადგინეთ, რომ არავის არ უწამებიხართ. უფრო მეტიც, ორი პოლიციის პოლკოვნიკი, თქვენი ძმა და თქვენი ოჯახის ახლობელი – მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის უფროსი პაატა ჟღენტი ერთი წუთით არ მოგცილებიან. მათ მთელი ღამე თქვენთან ერთად გაატარეს. „კაპეზეში“ სულ 3-4 საათი იყავი, იქაც შემოგყვნენ ეს ორი პოლიციის პოლკოვნიკი.
კარგად რომ გეგრძნოთ თავი, პაატა ჟღენტმა თავისი მძღოლი გააგზავნა სახლში და მოგიტანათ ყველაზე საუკეთესო ბალიში და მატრასი. ამ „კაპეზეს“ ისტორიაში თქვენზე კარგად არავის არ მოქცევიან და რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რატომ იტყუებით? გთხოვთ, კაცურად მითხარით სიმართლე და თუ ციხეში ვინმემ თქვენზე აღმართა ხელი, პირობას გაძლევთ, ის დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით“.
სულხან მოლაშვილმა გაიცინა და მიპასუხა: „მე იურისტი ვარ, რევოლუციის შემდგომ მე ვიცოდი, რომ აუცილებლად დამიჭერდით, დავწერე განცხადება გადადგომაზე და ველოდებოდი დაპატიმრებას, გავშიფრე ყველა მანქანა, რომელიც ჩუმად დამყვებოდა.
მივხვდი, რომ კონტროლდებოდა ყველა ჩემი გადაადგილება. თქვენ ელოდებოდით ახალი პარლამენტის შეკრებას, რომელიც ჩემს განცხადებას დააკმაყოფილებდა და მომიხსნიდა კონტროლის პალატის თავმჯდომარისათვის განკუთვნილ იმუნიტეტს.
მრავალი შანსი მქონდა, რომ ქვეყნიდან გავქცეულიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. საკმაოდ დიდი დრო მქონდა პარლამენტის შეკრებამდე. ამ პერიოდში თერმულ დამწვრობაზე წავიკითხე მრავალი ლიტერატურა, ველაპარაკე ექსპერტებს და გავარკვიე, რომ თერმული დამწვრობიდან თუ გავიდა ერთი თვე, ექსპერტი კი არა ეშმაკი ვეღარ გაიგებს რისგან შეიძლებოდა მისი მიღება. გავიდა ერთი თვე და საქვეყნოდ ვყვირი, მაწამესო. აბა, თუ კარგი ბიჭები ხართ, დამიმტკიცეთ, რომ არავის ვუწამებივარ.
ვის უფრო დაუჯერებს საერთაშორისო საზოგადოება? ადრე პრეზიდენტზე ვთქვი, თითქოს მან მომაყენა დაზიანება, მაგრამ ხალხმა არ დაიჯერა. ხვალ რომ მიშვებ, ამიტომ დიდ შარს გადარჩი, თორემ შენზე ვაპირებდი დაბრალებასო. მე დაგაბრალებდი და მერე აღარ ექნებოდა მნიშვნელობა თავს როგორ გაიმართლებდი“. – ეს რომ მითხრა, გაოცებულმა შევხედე სახეზე. მეც ვაპირებდი რაღაცის თქმას, მაგრამ ისე გაბოროტებული, ეშმაკისეული თვალები ჰქონდა, რომ მისთვის არაფერი მითქვამს.
ის, რომ არ მოხერხდა მეორე დღეს მოლაშვილისათვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლა, ჩემი ან პროკურატურის ბრალი არ იყო. მოლაპარაკების პირობები მისმა ოჯახობამ დაარღვია და ტყუილად იშვერს ჩემსკენ ხელს.
ამ საკითხის სხვა დეტალებზე აღარ შევჩერდები. სულხან მოლაშვილმა თავისი ბოროტი ჩანაფიქრი მაინც განახორციელა. 2012 წლის 28 სექტემბერს მე-9 არხის ეთერში საფრანგეთიდან ჩაერთო და განაცხადა, რომ თითქოს მას აწამებდნენ, თვალები ჰქონდა ახვეული, მაგრამ ადეიშვილის, ბოკერიას და ჩემი ხმა იცნო. რომ თითქოს ჩვენ ერთად ვიდექით და ვსაუბრობდით.
2004 წლის აპრილში კი არა, პირადად ბოკერიას დღემდე არ ვიცნობ, ხოლო ადეიშვილი გავიცანი მაშინ, როცა გენპროკურორად დაინიშნა 2004 წლის ივნისში. სამწუხაროდ, აღმოჩნდა ზოგიერთი ადამიანი, ვინც მოლაშვილის ეს სისულელე დაიჯერა ან ვითომ დაიჯერეს.
2013 წლის 23 ნოემბრის ინტერვიუში მოლაშვილმა განაცხადა, თითქოს მის წამებაში უშუალოდ ბოკერიასთან ერთად ვმონაწილეობდი. მან შეასრულა დანაპირები, იმ განზრახვით, რომ ხალხმა თუ დაიჯერა მისი წამების ფაქტი,დაიჯერებს სხვა სისულელესაც.
მოლაშვილის წამების ფაქტზე აღძრულ საქმით დადასტურდა რომ იმ გარემოებებში არ მომხდარა მისთვის დაზიანების მიყენება, როგორც ის აღწერს, მაგრამ როგორ მიიყენა ამ მატყუარა კაცმა დაზიანება, გამოძიებამ ვერ დაადგინა.
მე ჩემი პროკურატურაში მუშაობის 22 წლის მანძილზე, ყოველთვის ვიბრძოდი სამართლიანობის, ობიექტურობისა და დაზარალებულის უფლებების დასაცავად, რაც არ უნდა სისულელეები მოიგონოს მოლაშვილმა, მთავარია, აღარ დაბრუნდეს მისი ბინძური ეპოქა“, – წერს ვალერი გრიგალაშვილი.