პრეზიდენტ ტრამპის ომი ირანთან ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედებაა ამერიკის ისტორიაში, რომელიც პრეზიდენტმა კონგრესის ყოველგვარი თანხმობის გარეშე წამოიწყო, – ნათქვამია გაზეთ The New York Times-ის სარედაქციო საბჭოს სტატიაში სათაურით „ირანთან ომი კიდევ უფრო აძლიერებს ამერიკაში დემოკრატიის რღვევის პროცესს“.
„დიახ, წარსულში პრეზიდენტები სამხედრო ძალის გამოყენებისას ხშირად სცილდებოდნენ თავიანთი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებს. მიუხედავად ამისა, ხანმოკლე თავდასხმაზე უფრო მასშტაბური ქმედებებისას, ისინი, როგორც წესი, რთავდნენ პროცესში კონგრესს. ზოგჯერ კონგრესი იღებდა კანონპროექტს, რომელიც ოფიციალურად ამტკიცებდა სამხედრო მოქმედებას, როგორც ეს მოხდა ერაყის შემთხვევაში 2002 და 1991 წლებში, ავღანეთში 2001 წელს და ვიეტნამში 1964 წელს. სხვა შემთხვევებში, მაგალითად, 1950-იან წლებში კორეაში, კონგრესმა დე ფაქტო თანხმობა გამოხატა იმ კანონპროექტების მიღებით, რომლებიც სამხედრო მოქმედებებისთვის დამატებით რესურსებს ითვალისწინებდა. ტრამპს კი არავითარი დასტური არ მიუღია კონგრესისგან – ხელისუფლების ერთადერთი შტოსგან, რომელსაც ომის გამოცხადების კონსტიტუციური უფლებამოსილება გააჩნია.
The New York Times-ის სარედაქციო საბჭო თვალს ადევნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიული რღვევის 12 კატეგორიას, რაც ეფუძნება ისტორიულ მოდელებსა და ექსპერტებთან ინტერვიუებს. ჩვენი ინდექსი აშშ-ს თითოეულ კატეგორიაში 0-დან 10-მდე სკალით აფასებს. ნული წარმოადგენს შეერთებულ შტატებს მანამ, სანამ ტრამპი მეორე ვადით პრეზიდენტობას დაიწყებდა – რა თქმა უნდა, არა სრულყოფილს, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ დემოკრატიას. ათი კი წარმოადგენს მდგომარეობას ნამდვილ ავტოკრატიაში, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და რუსეთი. გასული ორთვენახევრის განმავლობაში, ტრამპმა გასცა ბრძანება ათასობით დარტყმის განხორციელებაზე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და მოკლა მისი ლიდერი. ომმა შეარყია გლობალური ენერგობაზარი და გამოფიტა ამერიკული საბრძოლო მასალის მარაგები. მიუხედავად მისი მასშტაბისა და მნიშვნელობისა, პრეზიდენტი კვლავ აგრძელებს ზიზღის გამოხატვას კონგრესის იმ წევრების მიმართ, რომლებიც ომის შესახებ კითხვებს სვამენ, და მას არც კი წარმოუდგენია ამ ომის თანმიმდევრული დასაბუთება.
შექმნილ ვითარებაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა კონგრესმენ „რესპუბლიკელებსაც“ ეკისრებათ. მათ შეეძლოთ და უნდა გაეკეთებინათ გაცილებით მეტი მის შესაზღუდად. კონგრესს შეეძლო მიეღო რეზოლუცია, რომელიც ომის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა და ჩაეტარებინა მოსმენები მის გამოსაძიებლად, რაც გაზრდიდა პოლიტიკურ ზეწოლას თეთრ სახლზე. მას შეეძლო უარი ეთქვა კანდიდატების დამტკიცებაზე ან ტრამპის სამხედრო პრიორიტეტების დაფინანსებაზე მანამ, სანამ ის არ შეასრულებდა თავის კონსტიტუციურ მოვალეობას – ეთანამშრომლა საკანონმდებლო ორგანოსთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესის წევრები მონაწილეობას იღებენ ამერიკის დემოკრატიიდან უკანდახევის პროცესში“, – აღნიშნულია სარედაქციო საბჭოს სტატიაში.
