თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის განცხადებით, გენგეგმის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია.
მისივე თქმით, თბილისის მერიის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, გენგეგმის მიღება უკვე ძალიან ახლოს არის და დედაქალაქში ქაოტური პროცესები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.
“ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიას გადავხედე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან გენგეგმის პროექტში მნიშვნელოვანი პრობლემები ვერ ნახეს და დოკუმენტისთვის გენგეგმასთან პირდაპირ კავშირში არ მყოფი მცირე თემატიკის მიწებებას ცდილობენ, რათა გენგეგმის ნეგატივიზაცია მოხდეს. მგონი არასწორი მცდელობაა კოლეგებო. გთხოვთ, პროცესები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მისი თქმით, სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდა არის ინდივიდუალური და საგამონაკლისო წესი.
“საქმე ეხება კონკრეტულად ცენტრალურ უბნებში (გარდა ისტორიული არეალებისა) კოეფიციენტის გაზრდას, თუ იქ ავარიული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. მე მგონი, ამ ნაწილშიც მხოლოდ კარგისკენ მივდივართ და მით უმეტეს, ამის რაღაცნაირად გენგეგმასთან დასინქრონება და ამით გენგეგმის ნეგატივიზაციის მცდელობა, არასერიოზულია. არა მხოლოდ ეს, იყო სხვა თემებიც, რომელთა დაკავშირებაც ოპოზიციას სურდა გენგეგმასთან. გენგეგმა ნამდვილად უნდა იყოს პოლიტიკური და პარტიულ დღის წესრიგზე ბევრად მაღლა მდგომი დოკუმენტი“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
დეპუტატის განცხადებით, დოკუმენტის მიღება უნდა მოხდეს თბილისისთვის და თბილისელებისთვის, ამიტომ გენგეგმის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია.