“ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ გიგი უგულავამ Facebook-ზე დაწერა.
გიგი უგულავას თქმით, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, პარტიებმა ბრიუსელში ხელი მოაწერეს შეთანხმებას 3 ძირითად პუნქტზე:
1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);
2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;
3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“, – წერს გიგი უგულავა Facebook-ზე.
„ევროპული საქართველოს“ წევრები ყოფილ თანაპარტიელებს 2017 წლის იანვარში გამოეყვნენ. მალევე ეგრეთ წოდებულმა ბოკერია-უგულავას ფრთამ საკუთარი პარტია „ევროპული საქართველო“ შექმნა და პარლამენტში, სადაც 2016 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა, საკუთარი ფრაქცია ჩამოაყალიბა. „ევროპული საქართველოს“ წევრები ნაციონალებისგან გამოყოფას ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში მართვის არადემოკრატიული და მიუღებელი ფორმის არსებობით ხსნიან, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მათ ღალატში ადანაშაულებს და ხელისუფლების სატელიტ ოპოზიციას უწოდებს. ორივე პარტია „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრია საქართველოდან.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.