თუ ვანო ზარდიაშვილის გარდა, მეტი სალანძღავი ჩვენს გუნდში ვერ ნახეთ, ესე იგი, კარგი გუნდი გვყავს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერი კოლეგის თინა ბოკუჩავას პასუხად გააკეთა.
ბოკუჩავამ სესიაზე უმრავლესობის მისამართით განაცხადა, რომ თუკი ვინმეს რაიმე არ მოსწონდა “ნაციონალური მოძრაობის დროს, ეს სასამართლოსა და პროკურატურას შორის დამოკიდებულება იყო. მან ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ დღეს უმრავლესობაშია დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, რომელიც სასამართლოში წინა ხელისუფლების დროსაც “ალაგებდა“ საქმეებს და ახლაც “ალაგებს“.
თინა ბოკუჩავას მამუკა მდინარაძემ უპასუხა.
“ამდენი ხნის განმავლობაში ვანო ზარდიაშვილი ვერ მოინელეთ. 2012 წლამდე ვანო ზარდიაშვილის ყველაზე მაღალი თანამდებობა განყოფილების უფროსობა იყო. 2012 წლის შემდეგ ის გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც საშუალება არ მოგეცათ გარკვეული ინსტიტუტები გეკონტროლებინათ. აბა მიხვდით, რატომ ხართ გამწარებული ამ ადამიანზე! თუ მეტი სალანძღავი ვერ ნახეთ ჩვენს გუნდში, ესე იგი კარგი გუნდი გვყავს“, – განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მამუკა მდინარაძე თინა ბოკუჩავას – აბა მიხვდით, რატომ ხართ გამწარებული ამ ადამიანზე!
2018/07/16 16:41:17
კომენტარები
ნანახია: 1733 ჯერ