ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.
როგორც არასრულწლოვან დ.ღ.-ს ადვოკატმა გოჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე დაუსაბუთებელია. კვარაცხელია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია არასრულწლოვანს მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს, თუკი აღკვეთის ღონისძიების მიზნები უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებითაც მიიღწევა.
„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. მან არ გაითვალისწინა არც არასრულწლოვნის პიროვნული მახასიათებლები, არც დანაშაულის სიმძიმე, არც მისი გულწრფელი აღიარება სარალიძის ნაწილში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დაუშვებელია არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის გამოყენება, თუკი შესაძლებელია აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა, უფრო მსუბუქი ხასიათის აღკვეთის ღონისძიებით. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ გავასაჩივრებთ კანონით დადგენილი წესით. საქმეში არ არიან ისეთი მოწმეები, რომლებიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე დანაშაულის ჩადენაში ამხელენ. არ არსებობს არანაირი არსებითი გარემობა, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ, სავარაუდო ცრუ ჩვენების მიცემამ შეცვალა“, – განაცხადა ადვოკატმა.
გოჩა კვარაცხელიას ინფორმაციით, სასამართლოს თავად ბრალდებულმაც მიმართა და ბრალი ნაწილობრივ აღიარა.