„ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებულები, რათა კიდევ ახალ ავანტიურას არ დავექვემდებაროთ, ახალ პროვოკაციებს კიდევ არ წამოვეგოთ“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა აღნიშნა და სტუმარს ჰკითხა, ამ კონტექსტში, როგორ და სად ხედავს საქართველოს როლს და დღეს რამდენად დაცულია საქართველო საგარეო საფრთხეებისგან.
„ვინც თვალყურს ადევნებს გლობალურ საგარეო პოლიტიკას და ადევნებდა უფრო ადრეც, ნახავს, რომ საკმაოდ დაძაბული და რთული საგარეო მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში. ამ შეხვედრის ანალიზს საჯაროდ არ შევეცდები, თუმცა ძალიან ყურადღებით ვადევნებდი თვალს და მგონი, ვიცი კიდეც რაც ხდება პროცესები. ძალიან დიდი სირთულეებია და ძალიან დაძაბულია ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებს შორის. ძალიან რთულია მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, სირია მოგეხსენებათ, ირანის თემა, ამ ფონზე ამ შეხვდრის ანალიზს არ შევეცდები, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრ დროს ვხარჯავ და დაახლოებით ვიცი, რაც ხდება და იმ ფონზე, რაც უნდა იცოდეს ვთქვათ, არამონაწილე პირმა. მე ერთს ვეტყოდი ისევ საზოგადოებას და ტელემაყურებელს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ძალიან მობილიზებული, რომ რამე ახალ ავანტურას არ დავექვემდებაროთ და რამე პროვოკაციას კიდევ არ წამოვეგოთ, უნდა ვიყოთ გუნდის შიგნით შეკრული მყარად, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფასი, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი, ჩვენი შესაძლელობები კარგად და იმ ფონზე, როდესაც მიდის გლობალური მოლაპარაკებები, არ დავკარგოთ და გავიუარესოთ მდგომარეობა. პირიქით, მოვახერხოთ, რომ გარკვეული ცვლილებების ფონზე ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპრემიერის განცხადებით, ამისთვის საჭიროა ძალიან პასუხისმგებლიანი და მობილიზებული, ეფექტური ხელისუფლება.
„ამას სჭირდება ძალიან პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ძალიან მობილიზებული, ეფექტური ხელისუფლება, რაც დღეს პრინციპში, იხატება ჩვენს სახელმწიფოში. მგონი, ჩვენ ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად დავუდგებით, თუ ასეთი მობილიზებული ვიქნებით და საზოგადოების მხრიდანაც იქნება ასეთი მხარდაჭერა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი – უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებულები, რათა ახალ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ
2018/07/24 23:56:31
კომენტარები
ნანახია: 1053 ჯერ