დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხზე პოლიტსაბჭო ალბათ პირველივე შეხვედრაზე იმსჯელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, თემებზე კამათი, მათ შორის მწვავე კამათი პარტიაში წახალისებულია, თუმცა პიროვნული შეურაცხყოფა დაუშვებელია. დეპუტატის განმარტებით, პარტიის სამდივნომ გუნდში არსებული წესების დარღვევაზე რეაგირება მოახდინა.
“პოლიტსაბჭოს პირველივე შეხვედრაზე, ალბათ ამ თემაზე იქნება მსჯელობა. თემებზე კამათი ჩვენთან არათუ ვინმეს დაუშალეს, არამედ პირიქით წახალისებულია, რომ ნებისმიერ საკითხზე იყოს თუნდაც მწვავე კამათი. მაგრამ როდესაც საკითხი თემებს სცილდება და გადადის პიროვნულ შეურაცხყოფაზე, დისკრედიტაციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ გუნდისთვის ზიანი მოაქვს გუნდის ასეთ წევრს. მე რაც არ უნდა ნორმალური პიროვნული ურთიერთობა მქონდეს დავითთან, არის წესები, რომელიც დაირღვა და ამ დარღვევას უპასუხა სამდივნომ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება პარტიის კიდევ ერთ წევრს, ლევან კობერიძეს, გია ვოლსკის შეფასებით, მისი განცხადებები პიროვნულ შეურაცხყოფაში არასდროს გადასულა.
“ლევან კობერიძემ გააკეთა გარკვეული განცხადებები, თუმცა არასდროს უკადრია ის, რომ ვინმეს პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენოს, თანაც განგრძობით ფორმაში და თავისი პროფესიონალური მოსაზრებები დაუპირისპიროს პერსონალურად რომელიმე ადამიანს და მისი წასვლა ან გადადგომა მოითხოვოს იმიტომ, რომ მათი აზრები არ ემთხვევა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.