საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ლაილა ომარ გადთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს.
ირაკლი კობახიძემ ლაილა ომარ გადს გაწეული სამუშაოსა და პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და ამ მიმართულებით გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობის მნიშვნელობაზე.
საქართველოს პარლამენტის თამჯდომარემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ასევე, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.
ლაილა ომარ გადმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, გაეროს ბავშვთა ფონდი მომავალში აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ სტუმარს სამომავლო წარმატებები უსურვა და გაეროს ბავშვთა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.