„ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პირადი რესურსით, ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით მოწესრიგდეს ის გზები და დახარჯულია რამდენიმე მილიონი იმისთვის, რომ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურულად არა მარტო გზები, არამედ მან საკმაოდ დიდი პირადი რესურსი დახარჯა უნიკალური დენდროლოგიური პარკის მშენებლობისთვის, რომელიც ქვეყანას, ხალხს დარჩება“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ეკა ბესელია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ გადაცემებსა და სიუჟეტებს გამოეხმაურა.
„კომენტარი პერსონალურად „რუსთავი 2“-ს, რომელიც ძალიან შფოთავს და ანერვიულდა ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შემდეგ და სპეციალურ სიუჟეტებს და გადაცემებს უძღვნით მას. ძალიან მოკლე კომენტარი თქვენთვის და უბრალოდ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, თუკი ვინმეს სჭირდება მეტი ინფორმაცია – ეს ლეგენდა, რომელსაც თხზავთ თქვენ გადაცემებში, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც ახირება აქვს თურმე და ამ ხეების საკუთარ სამფლობელოში გადატანას იმიტომ ცდილობს, რომ ეს მისი განსაკუთრებული სურვილია და ამის გამო გზები ინგრევა და საოცრებები ხდება, ძალიან მარტივი და ნათელი პასუხი: ჯერ ერთი, კიდევ ერთხელ მინდა, ასჯერ ნათქვამი გავიმეორო, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პირადი რესურსით, სხვათა შორის, ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით მოწესრიგდეს ის გზები და დახარჯულია რამდენიმე მილიონი იმისთვის, რომ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურულად არა მარტო გზები, არამედ საკმაოდ დიდი პირადი რესურსი მან დახარჯა უნიკალური დენდროლოგიური პარკის მშენებლობისთვის, რომელიც ქვეყანას, ხალხს დარჩება, თქვენც ისიამოვნებთ ამ პარკით, დარწმუნებული ვარ და მოგეწონებათ, როცა მას ნახავთ. ეს არ არის არანაირი ახირება, ეს არის ის, რაც ძალიან სჭირდება ქვეყანას და ძალიან სჭირდება მოსახლეობას, მათ შორის, იმ საავტომობილო გზებზე, რომელიც თურმე იმიტომ აიყარა და ასე შემდეგ, რომ თურმე ხეები გვირაბის თავზე უნდა გადაატარონ, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელია, ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა იმ გზებზე და იყო ძალიან ბევრი პრობლემა ინფრასტრუქტურის კუთხით, რის გამოც საჭირო გახდა იმ გზების რეაბილიტაცია. უბრალოდ განმარტებისთვის – დაიხარჯა მართლა ბიძინა ივანიშვილის პირადი რესურსი იმისთვის, რომ მოწესრიგდეს ეს გზები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.