სამწუხაროდ, გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელიც იმდენსაც ვერ ხვდება, რომ ოპოზიციის შიგნით ასეთი კრიტიკა, ასეთი გაუაზრებელი თავდასხმება არის ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა.
დეპუტატის შეფასებით, გრიგოლ ვაშაძემ ცალსახად დაარღვია „ევროპულ საქართველოსთან“ ე.წ. თავდაუსხმელობის შეთანხმება.
„ეს არის უპატივცემულობა შეთანხმების მიმართ, მაგრამ მე მგონია, შეთანხმების დადებაც არ სჭირდება საერთო თამაშის წესებზე შეთანხმებას, თვითონაც უნდა მიხვდე, რომ თითის გაშვერა და ტალახის სროლა საერთო პოლიტიკური წარსულისკენ არის აბსოლუტურად უღირსი და სამარცხვინო საქციელი. გარდა ამისა, პოლიტიკური ქულების დაგროვება ამ გზით, მე ვფიქრობ, ვერ გამოვა. სამწუხაროდ, გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელიც იმდენსაც ვერ ხვდება, რომ ოპოზიციის შიგნით ასეთი კრიტიკა, ასეთი გაუაზრებელი თავდასხმება არის ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა და „ქართული ოცნების“ თამაში. ჩემთვის ძალიან სამწუხარო მოულოდნელობაა, რომ გრიგოლ ვაშაძე, ირმა ინაშვილი და ნუკრი ქანთარია ერთი და იგივე სიტყვებით საუბრობენ“, – განაცხადა ნადირაშვილმა.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ გეგმებს, ნადირაშვილის თქმით, ეს გეგმები არ ითვალისწინებს ოპოზიციური კანდიდატების ლანძღვას და გრიგოლ ვაშაძის საქციელის მიუხედავად, „ევროპული საქართველო“ შეთანხმების ერთგული რჩება.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ “ევროპული საქართველო” დღეს კახეთში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკრიტიკა.
„ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მათი გაკეთებულია და ახლა პარტიიდან გავიდნენ და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ვისი გაკეთებულია ეს უბედურება, შეცდომები და დანაშაული“, – განაცხადა ვაშაძემ.
„ინტერპრესნიუსი“