ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ გირევს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.
სოფ. გირევი მდებარეობს პირიქითი ალაზნის ხეობაში, აღმა თემში, სოფ. ომალოდან დაახლ. 50 კმ-ზე, მდინარის მარცხენა ნაპირზე. ადრე სოფლის მოსახლეობას შეადგენდა შემდეგი გვარები: აზიკური, ხოსიკურიძე და შუარიძე. საბჭოთა პერიოდში, როდესაც პირიქითა თემის სოფლები ჰეღო, ჭონთიო, დაქიურთა და ნაკუდურთა მოსახლეობისაგან იცლებოდა, მათი ნაწილი სოფ. გირევში სახლდებოდა. ამის გამო, პირიქითა თემის სოფლებიდან გირევი ყველაზე ბოლოს დაცარიელდა. ამჟამად სოფელში მოსახლეობა მუდმივად არ სახლობს. სოფელთან ახლოს მესაზღვრეების პუნქტია.
სოფელი კომპაქტურადაა განაშენიანებული, შედგება სხვადასხვა დანიშნულების ორმოცამდე შენობისგან. მათი ნაწილი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი, ნაწილი კი გადაკეთებულია და თუნუქის სახურავით არის გადახურული. სოფლის დას-ით, დაახლ. 1,5 კმ-ზე, გვიანდელი შუა საუკუნეების ხუთი კოშკია შემორჩენილი. მათგან ოთხი, ერთ ხაზზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთით დაქანებულ კლდოვან ფერდობზე არის განლაგებულნი _ ერთმანეთისგან დაახლ. 25-30 მ-ის მანძილზე, ხოლო ერთი ოდნავ დას-ითაა. კოშკებიდან ყველაზე უკედ ჩრდ-ით მდგარი კოშკია შემორჩენილი. იგი ხუთსართულიანია (4,2ხ3,6 მ, სიმ. 18,3 მ), ზემოთკენ შევიწროებული, ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკის პირველი და ზედა სართული შეკრული კამარითაა გადახურული. დანარჩენებს კი, ხის კოჭებზე დაყრდნობილი ბრტყელი გადახურვა ჰქონია. კოშკში შესასვლელი პირველი სართულის სამხრეთ კედელშია _ მიწიდან 2,1 მ სიმაღლეზე. კარი ბრტყელი თაღითაა გადახურული. სართულის დანარჩენ კედლებში თითო სათოფურია. პირველი სართულის ქვემოთ ყრუკედლებიანი, დაბალი (სიმ. 1,4 მ) სათავსია. პირველი სართული მეორესთან, კამარაში მოწყობილი სწორკუთხა ხვრელითაა დაკავშირებული. მეორე სართულის სამხრეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, დანარჩენ კედლებში _ თითო სათოფური. მესამე და მეოთხე სართულების გადაწყვეტა მეორის ანალოგიურია. მეხუთე სართულს ყოველ მხარეს, ქვის კონსოლებზე დაყრდნობილი თითო სწორკუთხა ჩარდახი აქვს, რომელთა ზემოთ ისრულთაღოვანი სარკმელი `სამზირი~ გრძელდება.
კოშკის ოთხივე ფასადზე, მესამე და მეოთხე სართულების დონეზე, ჭადრაკულად განლაგებული კვადრატული ნიშებით გამოყვანილი პატარა რომბებია. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ოთხ-ოთხი ასეთი რომბია, სამხრეთ ფასადზე _ სამი. კოშკს საფეხურებიანი, პირამიდისებრი გადახურვა აქვს.
კოშკი მეტად საყურადღებოა თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ნიშნებით. მას მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სტატუსი.
დანარჩენი ნაგებობები ძლიერ დაზიანებულია. ოთხივე საცხოვრებელ-სათავდაცვოა. მათ შორის შედარებით ნაკლები დანაკარგებით ხუთსართულიანი კოშკის მოპირდაპირედ მდგარი ციხე-სახლია (6,5ხ6,5 მ) შემორჩენილი. იგი ოთხსართულიანი ყოფილა (შემორჩენილია სამი სართული და მეოთხის დასაწყისი), ამჟამად მას სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე, მთელ სიმაღლეზე, მონგრეული აქვს.
დანარჩენი ციხე-სახლებიდან ორი, თითქმის მთლიანადაა დანგრეული, მესამედან კი, რომელიც სამხრ-ით, ყველაზე დაბალ ადგილზე დგას, დასავლეთი ნახევარიღააშემორჩენილი _ სამი სართულის სიმაღლეზე.