როდესაც საქმე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას ეხება, მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკველობაში ამყოფებს და თარიღს არ ნიშნავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ისაუბრა.
„პრეზიდენტი მარგველაშვილი იმ ლოგიკას ეწინააღმდეგება, რომელსაც ორი წლის წინ, მიუხედავად მთავრობის, პარტიების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის მოწოდებისა, ჯიუტად იცავდა. ჩვენ კარგად გვახსოვს 2016 წელს მარგველაშვილის გადაწყვეტილება, როდესაც საპარლამენტო არჩევნების თარიღი 6 თვით ადრე გამოაცხადა, რის შედეგადაც საარჩევნო ხარჯები გაიზარდა, კამპანიის წარმოება და საპარლამენტო მუშაობა კი ფაქტობრივად ერთდროულად მიმდინარეობდა, რამაც გარკვეულწილად საარჩევნო პროცესი დააზიანა.
მისი ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ პარტიებს არჩევნებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონოდათ, თუმცა, როდესაც საქმე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას ეხება მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკველობაში ამყოფებს და თარიღს არ ნიშნავს.
ის ზოგჯერ აგვიანებს, ზოგჯერ ნაადრევად იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო ზოგჯერ ილუზიას ქმნის, თითქოს რამე მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს. მისი ასეთი ქმედებები კი სახელმწიფოს ინტერესებსა და პოლიტიკურ პროცესს აზიანებს”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილი – ჩვენ კარგად გვახსოვს 2016 წელს მარგველაშვილის გადაწყვეტილება
2018/07/30 20:58:15
კომენტარები
ნანახია: 849 ჯერ