10 წლის უკან რუსეთმა კიდევ ერთი აგრესია განახორციელა საქართველოს მიმართ, ქართული სახელმწიფოს მიმართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერმა რუსულ აგრესიაზე და ამ აგრესიაზე საქართველოს პასუხზე ისაუბრა.
“10 წლის უკან რუსეთმა კიდევ ერთი აგრესია განახორციელა საქართველოს მიმართ, ქართული სახელმწიფოს მიმართ. დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები. მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ოჯახს, ვინც დაკარგა თავისი შვილი, დედა, მამა, ძმა, ნათესავი თუ მეგობარი. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ამაზე ჩვენი პასუხი არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, ამაზე პასუხი არის საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში და ძლიერი საზოგადოების, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება. მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარ ქვეყანას. ისინი როგორც 10 წლის უკან, დღეს დგანან ჩვენს გვერდით. ისინი ჩვენს გვერდით იდგნენ ყველაზე მძიმე წუთებში ჩვენს უახლოეს ისტორიაში და ქართველი ერი ამას არასდროს დაივიწყებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და უცხოელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.