ჩვენი სუვერენული არჩევანია ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი, ეს პროცესი შეუქცევადია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რითაც რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„ასეთი შინაარსის განცხადება არაერთგზის მოვისმინეთ რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირებისგან. დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მისწრაფებები არის ჩვენი ხალხის არჩევანი და მიმართულია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ, თითოეული ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ. ეს არის თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში თითოეული ერის, მათ შორის ჩვენი სუვერენული არჩევანი, ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი. ეს პროცესი თავისთავად შეუქცევადია და რა თქმა უნდა, არავის წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა იზორიამ.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
„საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტის“ ეთერში.