უკრაინის ვიცე-პრემიერმა პავლო როზენკომ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის -2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„აგვისტოს ომის 10 წლის თავზე უკრაინის მოსახლეობის სახელით მინდა თანაგრძნობა გამოვხატო. 10 წლის წინ, ამ საშინელი ომის დროს საქართველოში ჩამოვიდნენ 5 ქვეყნის ლიდერები. მაშინ ჩვენ ათასობით კილომეტრი გამოვიარეთ იმისათვის, რომ ქართველი ერისთვის ჩვენი გულწრფელი მეგობრული დამოკიდებულება გამოგვეხატა. ჩვენ იგივეს ვაკეთებთ დღესაც. დღესაც თქვენ გვერდით ვართ. პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვები არ მავიწყდება: – „ ჩვენ აქ საბრძოლველად ვართ. ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა პირველად აჩვენა თავისი სახე. ამ მეზობელს მიაჩნია, რომ ხალხი მას უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ. დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები. შემდეგ კი უკვე პოლონეთის დროც მოვა.“
სამწუხაროდ, ლეხ კაჩინსკის სიტყვები გახდა წინასწარმეტყველური. უკვე 4 წელია, რაც უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის. ნატოსთან, ევროკავშირთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ძალისხმევას არ ვაკლებთ, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიას და შევინარჩუნოთ ტერიტორიული მთლიანობა.
10 წლის წინ სამყარომ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ის საფრთხე, რაც იდგა. 10 წლის წინ რუსებმა გადალახეს საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს საზღვრები, დააიგნორეს საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები. უკრაინა ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ევროპელი პარტნიორების მადლიერი ვართ, რომლებიც საქართველოს და უკრაინას მხარს უჭერენ რუსეთის ასეთი ძალისმიერი აგრესიის პირობებში. გისურვებთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას,“ – განაცხადა პავლო როზენკომ.